შიმშილობა შეწყვიტეს იმ პირებმა, რომლებიც სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვდნენ

პუბლიკა

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შეთავაზებას თანხმდებოდა და შიმშილობას წყვეტდა, მისმა მხარდაჭერებმა, რომლებიც მე-3 პრეზიდენტის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობდნენ, შიმშილი შეწყვიტეს.

შიმშილობა შეწყვიტეს რუსთავის საკრებულოს წევრებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. როგორც ენმ-ს დეპუტატმა, ვაჟა მორგოშიამ ბრიფინგზე აღნიშნა, პროტესტის ამ ფორმამ შედეგი გამოიღო. ისინი რუსთავის საკრებულოს შენობაში 5 დღის განმავლობაში შიმშილობდნენ.

ენმ-ის წევრის, ანი წითლიძის ცნობით, შიმშილობა შეწყვიტეს ზუგდიდის საკრებულოს წევრებმაც. „5-დღიანი შიმშილობა გამარჯვებით დასრულდა. მიშა იცოცხლებს!
საბოლოო გამარჯვებამდე ბრძოლა ათჯერ უფრო დიდი შემართებით გრძელდება“, – წერს წითლიძე Facebook-ზე.

შიმშილობა შეწყვიტა ოპერის მომღერალმა, პაატა ბურჭულაძემაც. მან შიმშილობა, სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, 16 ნოემბერს დაიწყო. „შიმშილობის ბოლო დღე. მიზანი მიღწეულია. მადლობა ჩემს მომკითხველებს. ძალა ერთობაშია!“, – წერდა ბურჭულაძე ჯერ კიდევ მაშინ, სანამ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში გადაიყვანდნენ.

შიმშილობა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიორგი ბარამიძემაც შეწყვიტა. ფეისბუქგვერდზე ის წერდა, რომ „ბრძოლა გრძელდება ბოლომდე, ქართველი ხალხის გამარჯვებამდე“.

დღეს ცნობილი გახდა, რომ შიმშილობას წყვეტდა ენმ-ის ის 9 დეპუტატი, რომელიც პარლამენტის შენობაში 5 დღის განმავლობაში შიმშილობდა.

პარლამენტში შიმშილობა შეწყვიტა კიდევ ერთმა პოლიტიკოსმა, პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ. ხოშტარიამ შიმშილობა, იმავე მოთხოვნით, 17 დღის წინ დაიწყო.


„როგორც რუსთავში, ასევე გლდანში [სააკაშვილს] უტრადებოდა ყველა ის საჭირო ღონისძიება, რომელიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ესაჭიროებოდა და ნამდვილად არ იყო საჭირო ის მღელვარება, რომელიც საზოგადოებაში მუდმივად ისმოდა, ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ბოლო პერიოდში ჩვენ სახეზე მივიღეთ ქვეყნაში შიმშილობის ეპიდემია, რომელიც ნამდვილად იყო დაუშვებელი“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა.

რეანიმობილი, რომელშიც სავარაუდოდ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იყო მოთავსებული, გორის სამხედრო ჰოსპიტალში დაახლოებით ერთი საათის წინ შეიყვანეს. „პუბლიკა“ იუსტიციის სამინისტროდან ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურებას ამ დრომდე ელოდება.

19 ნოემბერს, შუადღისით, იუსტიციის მინისტრმა ბრიფინგი გამართა და მიხეილ სააკაშვილს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.

მიხეილ სააკაშვილის პასუხი გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ადვოკატმა ნიკა გვარამიამ რამდენიმე საათის წინ გამოიტანა და მედიასთან წაიკითხა.

„მე დავთანხმდი ჩემს მიერ აშენებული გორის ჰოსპიტალში გავემგზავრო ჩემს მიერვე აშენებული ავტობანით და იქ განთავსებისთანავე შევწყვიტო შიმშილობა, “- განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, სააკაშვილი, მკურნალობის შემდეგ, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდება.