შინაგან საქმეთა სამინისტროში 15:00 საათზე ბრიფინგი ჩაინიშნა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 1 ოქტომბერს, 15:00 საათზე, მინისტრის მოადგილის ბრიფინგი გაიმართება. „პუბლიკამ“ უწყებას კითხვით მიმართა, უკავშირდება თუ არა ბრიფინგი საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლას.

უწყებაში ბრიფინგის თემა არ დაუკონკრეტებიათ.


დღეს დილის 9 საათისთვის ესპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა facebook-ზე დაპოსტა და აღნიშნა, რომ საქართველოშია. მოგვიანებით მან რამდენიმე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია. მან facebook-პოსტით ასევე მოუწოდა მოსახლეობას, 3 ოქტომბერს დილიდან მთელი საქართველოდან თბილისისკენ დაიძრან არჩევნების შედეგების დასაცავად. მისივე თქმით, ის თავადაც შეუერთდება ერთ-ერთ კოლონას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. პარტია „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში და მისი ვიდეოც საქართველოში ჩაწერილი არაა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, სააკაშვილის ვიდეო fake-ია და ის სპეციალური ტექნოლოგიითა გადაღებული. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კი აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოში იმყოფება.