შინაური ცხოველის მიტოვება შესაძლოა, ადმინისტრაციული წესით დასჯადი გახდეს

პუბლიკა

შინაური ცხოველების, რეგისტრირებული კატის და ძაღლის მიტოვება, შესაძლოა, ადმინისტრაციული წესით დასჯადი გახდეს – აღნიშნულ ინიციატივას პარტია „მოქალაქეების“ მიერ მომზადებული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ კანონპროექტი ითვალისწინებს.

კანონპროექტი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან იოსელიანმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებს პირველი მოსმენით გააცნო.

იოსელიანის განცხადებით, არცერთ ცივილურ სახელმწიფოში არ არსებობს ისეთი მიდგომა, როცა მეპატრონე შინაურ ცხოველს ქუჩაში უშვებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოშიც დაიწყოს აღნიშნულ პრობლემაზე მუშაობა და სისტემური ხედვების მომზადება. ლევან იოსელიანმა კანონპროექტის არსი განმარტა და აღნიშნა, რომ კოდექსის 103-ე მუხლის ცვლილებების თანახმად, ძაღლის ან კატის მიტოვების გამო მეპატრონე – ფიზიკური პირი 500-ლარიანი ჯარიმით, ხოლო მეპატრონე – იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე 1500 ლარით დაჯარიმდება. განმეორებით შემთხვევაში კი აღნიშნული ჯარიმები გაორმაგდება.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კომიტეტის წევრებმა მოსაზრებები გამოთქვეს და მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებების იდეა მოიწონეს, მის მისამართით კრიტიკული შენიშვნები მაინც გამოთქვეს. საკითხის განხილვის დასრულების შემდეგ, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.