შიო III-მ სამების ეზოში ქადაგებისას ახსენა აბორტი და კანონმდებლობა „მავნე გენდერულ თეორიებზე"

პუბლიკა

დღეს, 17 მაისს ახალმა პატრიარქმა, შიო III-მ სამების ეზოში ქადაგებისას დემოგრაფიულ პრობლემაზე ისაუბრა, ასევე ახსენა აბორტი და „მავნე გენდერული თეორიები”.

„…თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც მაგალითად არის აბორტი, მაშინ ასეთ საფუძველზე ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებს ოჯახი. ასეთი ოჯახი განწირულია იმიტომ, რომ როგორც ჩვენ ბიბლიიდან ვიცით, „მოკლულთა სისხლი ღაღადებს ღვთისადმი შურისძიებისთვის“ და პირიქით, სადაც ორ თუ სამ წელიწადში ერთხელ ბავშვი იბადება, იქ არის ბედნიერება იმიტომ, რომ ის თავისი არსებობით ირგვლივ ყველაფერს ათბობს და ანათებს.

როგორც ჩვენ მრავალშვილიანი ოჯახებისგან ვიცით, თავიდან უფრო რთულია, პირველ სამ შვილამდე, მერე და მერე სირთულეები ბევრად კლებულობს და ბევრად უფრო ადვილია მრავალშვილიანი ოჯახების გაძღოლა.

ძვირფასო დებო და ძმებო, ჩვენ ამ ყველაფერზე თუ არ დავფიქრდით, თუ არ გამოვასწორეთ ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა, თუ არ ვიზრუნეთ ოჯახის განმტკიცებაზე, გადარჩენასა და შენარჩუნებაზე, ჩვენ გვემუქრება რეალური საშიშროება, რომ ჩვენს სამოთხესავით მშვენიერ ქვეყანაში სხვა ხალხები დამკვიდრდებიან, რომლებსაც უყვართ ბავშვები, რომლებიც არ იშორებენ შვილებს და რომლებიც იცავენ თავიანთ რელიგიას…

მოგვცეს მადლი უფალმა, რომ ვიღვაწოთ, ვიზრუნოთ, ოჯახის გადარჩენისთვის, ოჯახური ღირებულებების დაცვისთვის; რომ ვიქონიოთ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც დაიცავს ჩვენს ოჯახს, ჩვენს ხალხს მავნე გენდერული თეორიებისგან, იდეოლოგიისგან, და უარი კი არ უნდა ვთქვათ ამ კანონმდებლობაზე, როგორც ზოგიერთები მოგვიწოდებენ, არამედ პირიქით, უნდა გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ ეს მიმართულება ოჯახის დაცვის და შენარჩუნების”, – თქვა მან.


17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

2014 წელს საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა, რასაც ჰომოფობიური დატვირთვა აქვს. 1 წლით ადრე, 2013 წლის 17 მაისს სასულიერო პირებმა და ჰომოფობიურად განწყობილმა მოქალაქეებმა ძალადობრივად დაარბიეს ლგბტქ აქტივისტების მცირერიცხოვანი და მშვიდობიანი აქცია, რომელიც ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს ეხებოდა.