შოიგუმ ხერსონიდან რუსული ჯარის უკან დახევის ბრძანება გასცა

პუბლიკა

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, ქალაქ ხერსონიდან და ხერსონის ოლქში მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე დაკავებული ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანის ბრძანება გასცა.

შოიგუმ გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოაცხადა, რაც უკრაინაში რუსული საოკუპაციო ძალების მეთაურისგან სერგეი სუროვიკინისგან მოისმინა, რომ ჯარის ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნებისთვის მიზანშეწონილი იქნება ხერსონიდან უკან დაიხიონ და მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გამაგრდნენ.

„მიზანშეწონილია თავდაცვის ორგანიზება მდინარე დნეპრის ბარიერის ხაზის გასწვრივ, მის მარცხენა სანაპიროზე… დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ძალების გადაყვანის გადაწყვეტილება მარტივი არ არის, მაგრამ ჩვენ შევინარჩუნებთ ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლეს და მათ საბრძოლო შესაძლებლობებს…

ჯარების მანევრი განხორციელდება უახლოეს მომავალში, დანაყოფები დაიკავებენ მომზადებულ თავდაცვით ხაზებს დნეპრის მარცხენა სანაპიროზე“, – განაცხადა სუროვიკინმა, რომლის მოხსენების შესახებ ინფორმაციას რუსული და უკრაინული მედია ავრცელებს.

სუროვიკინის მოხსენების შემდეგ გადაწყვეტილებას დაეთანხმა სერგეი შოიგუ და უკან დახევის ბრძანება გასცა.

დღეს დილას უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელებმა იერიში დაიწყეს ხერსონის ერთ-ერთ თავდაცვით ზღუდეზე სნიჰურივკას დასახლებაში, რის შედეგადაც რუსებმა უკან დახევა დაიწყეს. მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროები ჯერ კიდევ მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხიდებს აფეთქებდნენ, რაც, სავარაუდოდ, უკრაინული ჯარის წინსვლის შენელებას ისახავდა მიზნად.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ხერსონის მიმართულებით კონტრიერიში აგვისტოს ბოლოს დაიწყეს, მას შემდეგ მათ ეტაპობრივად არაერთი დასახლება გაათავისუფლეს.

თავად ქალაქი ხერსონი ერთადერთი საოლქო ცენტრი იყო, რომლის ოკუპაციაც რუსულმა არმიამ 24 თებერვლის შემდეგ შეძლო.

LB loan image desktop LB loan image mobile