გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი არ ეთანხმება რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის აკრძალვას. ამის შესახებ უკრაინული მედია გერმანულ მედიაზე დაყრდნობით წერს.
„ეს არის ვლადიმერ პუტინის ომი უკრაინაში და ამიტომ მიჭირს მხარი დავუჭირო ამ იდეას“, – თქვა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 11 აგვისტოს.
ამის საპირისპიროდ, ესტონეთმა რუსეთის მოქალაქეებს თავისსავე გაცემული შენგენის ვიზით ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ურმას რეინსალუს თქმით, ვიზები არ გაუქმდება, მაგრამ მათ მფლობელებს დაუწესდებათ სანქცია და ესტონეთში ვეღარ შევლენ. ახალი აკრძალვა 18 აგვისტოდან შევა ძალაში.
გამონაკლისის სახით, ეს სანქცია არ შეეხებათ სხვა ქვეყნების მიერ გაცემული შენგენის ვიზის მფლობელ რუსებს, ასევე ესტონეთის რეზიდენტებს, რუსეთის საელჩოს თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს, გადაზიდვებში პირდაპირ ჩართულ მოქალაქეებს, მათ, ვინც ოჯახის წევრებს სტუმრობს ან ჰუმანიტარული მიზნებისთვის გადაადგილდება.
ესტონეთის ხელისუფლებამ ევროკავშირის დანარჩენ წევრ სახელმწიფოებსაც მოუწოდა, რომ იგივე წესი შემოიღონ.