ესტონეთი თავის მიერ გაცემული შენგენის ვიზის მქონე რუსებს ქვეყანაში აღარ შეუშვებს

პუბლიკა

ესტონეთმა რუსეთის მოქალაქეებს თავის მიერვე გაცემული შენგენის ვიზით ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ურმას რეინსალუს თქმით, ვიზები არ გაუქმდება, მაგრამ მათ მფლობელებს დაუწესდებათ სანქცია და ესტონეთში ვეღარ შევლენ. ახალი აკრძალვა 18 აგვისტოდან შევა ძალაში.

გამონაკლისის სახით, ეს სანქცია არ შეეხებათ სხვა ქვეყნების მიერ გაცემული შენგენის ვიზის მფლობელ რუსებს, ასევე ესტონეთის რეზიდენტებს, რუსეთის საელჩოს თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს, გადაზიდვებში პირდაპირ ჩართულ მოქალაქეებს, მათ, ვინც ოჯახის წევრებს სტუმრობს ან ჰუმანიტარული მიზნებისთვის გადაადგილდება.

ესტონეთის ხელისუფლებამ ევროკავშირის დანარჩენ წევრ სახელმწიფოებსაც მოუწოდა, რომ იგივე წესი შემოიღონ.

რამდენიმე დღის წინ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპაში ტურისტული გადაადგილება პრივილეგიაა და არა უფლება. ამიტომ კაია კალასმა მოუწოდა ევროკავშირს, რომ რუსეთის მოქალაქეებს ევროკავშირის ფარგლებში ტურისტულად გადაადგილება შეეზღუდოთ.

მსგავსი მოწოდებით გამოვიდნენ ფინეთისა და ლატვიის ხელისუფლებების წარმომადგენლებიც.