შოთაძე ფარცხალაძეზე: იმ ფარგლებს, რომელზეც სუსმა ისაუბრა, ვერ გავცდები

პუბლიკა

გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმესთან დაკავშირებით თქვა, რომ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ იტყვის იმაზე მეტს, რაც თქვეს სუს-ში.

„ჩვენ საპროკურორო ზედამხედველობას ვახორციელებთ, თუმცა გამოძიებას აწარმოებს სუსი. გამოძიება მიმდინარეა, არსებობს გამოძიების ინტერესები და იმ ფარგლებს, რომელზეც საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელმა ისაუბრა, ვერ გავცდები, ისევ და ისევ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. მეტ დეტალზე ვერ ვისაუბრებ”, – თქვა ირაკლი შოთაძემ.

შოთაძეს ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა ფარცხალაძესთან კონტაქტი მას შემდეგ, რაც ის აშშ-მა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა, ფარცხალაძე ჟურნალისტებს პასუხობს, რომ კონტაქტი მასთან არ ჰქონია.

„2013 წლიდან მოყოლებული ოთარ ფარცხალაძეს არანაირი შემხებლობა აღარ აქვს საქართველოს პროკურატურასთან, მას შემდეგ, რაც ის გადადგა დაკავებული თანამდებობიდან და არც შეიძლება რომ ჰქონდეს… რაც შეეხება ჩვენს შეხვედრას, ყველასთვის საჯაროდ ცნობილი ფაქტია, რომ ჩვენ გვაკავშირებდა სამსახურებრივი ურთიერთობა და ყოფილა შეხვედრების შემთხვევებიც“, – განაცხადა შოთაძემ.

შოთაძეს ასევე ჰკითხეს, თუ რას ფიქრობდა ფარცხალაძის სანქცირების საკითხზე, თქვა, რომ აღნიშნულს ვერ შეაფასებდა.

აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, საუბარია, რომ მასთან რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური მუშაობდა, რომ რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.

აშშ-ს მიერ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირების საკითხის შესწავლა სუსმა დაიწყო. სუსის ხელმძღვანელმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ „აშშ-სგან ითხოვენ მტკიცებულებებს, თუმცა ვერ იღებენ”. ასევე, თქვა, რომ უწყებაში დაბარებული ჰყავდათ ფარცხალაძე, გამოკითხვიდან მეორე დღეს კი მან ქვეყანა დატოვა.