შოთაძის პერიოდში საქართველოს პროკურატურამ გახსნა არაერთი გახმაურებული საქმე – თალაკვაძე

პუბლიკა

ირაკლი შოთაძის მთავარი პროკურორობის პერიოდში საქართველოს პროკურატურამ გახსნა არაერთი მნიშვნელოვანი გახმაურებული საქმე. ეს იყო ორგანიზებული დანაშაული, ნარკოტრაფიკი, გახმაურებული მკვლელობები და, გახსოვთ, ხარისხი და სისწრაფე ამ გამოძიებაში იყო ძალიან ეფექტური, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„გახსოვთ, ხარისხით, სისწრაფით პროკურატურა ამ გამოძიებებში იყო ძალიან ეფექტური. შემდეგ რა მოხდა? მოხდა ის, რომ ერთ კონკრეტულ საქმეზე საზოგადოებას ჰქონდა კითხვები და ის დადგა არჩევანის წინაშე – როგორც მოქალაქისთვის მორალური პასუხისმგებლობა იყო მთავარი  თუ თანამდებობა და სკამი. ამ მომენტში მიიღო მან ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება, დატოვა თანამდებობა და აჩვენა მშობლებს, დაზარალებულებს, რომ თანამდებობა არ არის მთავარი. მისთვის მთავარია, მორალური ღირებულებები, მორალური სტანდარტი იყოს დაცული და მან დატოვა თანამდებობა. დღეს, როდესაც მისი თანამდებობა ხელახლა განიხილება, პარლამენტში მაღალი ალბათობით იქნება მისი კანდიდატურა წარმოდგენილი. ვფიქრობ, უმრავლესობის მხრიდან ექნება მხარდაჭერა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ირაკლი შოთაძის კანდიდატურა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარუდგინა.