გაიწმინდა შესასვლელები და მიმდინარეობს დროებითი გზების მოწყობა - გზების დეპარტამენტი

პუბლიკა

გზების დეპარტამენტის ცნობით, შოვში, სტიქიის ზონაში ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება სტიქიის სალიკვიდაციო, გზის წმენდისა და აღდგენის სამუშაოები.  მიმდინარეობს დროებითი ხიდის მოწყობისა და სხვა ხიდების აღდგენის სამუშაოები.

„გაიწმინდა შესასვლელები და მიმდინარეობს დროებითი გზების მოწყობა სტიქიის ზონასთან კომუნიკაციის აღსადგენად. სამუშაოები მიმდინარეობს უშუალოდ მდინარის კალაპოტზეც. ადგილზე მობილიზებულია 25 ერთეული ტექნიკა და დღის განმავლობაში კიდევ დაემატება მძიმე ტექნიკა.

გუშინ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (შოვი) მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდ. ჭანჭახმა წაიღო, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“.

შოვში, სტიქიის ზონაში დღეს კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას „პუბლიკას“ შსს უდასტურებს.

საერთო ჯამში, ამ დროისთვის სტიქიას შოვში 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შსს-ს ცნობით, სტიქიის ზონაში დილიდან გრძელდება სამაშველო ოპერაცია, რომელშიც ჩართულია შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, მეხანძრე მაშველები და მუშაობს 2 ვერტმფრენი.

ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე ამბობს, რომ ბოლო მონაცემებით, 35 ადამიანთან კონტაქტი ვერ ხერხდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თქმით, იმ ადგილას, სადაც ე.წ. კოტეჯები იყო, აღარაფერია დარჩენილი.

მეწყერი შოვში გუშინ, 3 აგვისტოს „სანსეტ შოვის” მიმდებარედ ჩამოწვა.

შსს მოუწოდებს მოსახლეობას, თუ ფლობენ ინფორმაციას დაკარგული პირების შესახებ, დაუკავშირდნენ აღნიშნულ ნომერზე: 598 913 089