შპს „სვეტი დეველოპმენტის“ დამფუძნებელსა და დირექტორს საპროცესო გაუფორმდათ

პუბლიკა

პროკურატურის ცნობით,  შპს „სვეტი დეველოპმენტის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, ასევე, ამავე საზოგადოების დირექტორს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.

განცხადების მიხედვით, პროკურატურასა და დაცვის მხარეს შორის საპროცესო შეთანხმება არასაპატიმრო სასჯელზე შეთანხმებით გაფორმდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „სვეტი დეველოპმენტის“ მიერ დაანონსდა მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტების დაწყება. დაპირების მიხედვით, უნდა აშენებულიყო მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსები, რაც არ შესრულდა და 2016 წლის 1 აგვისტოდან – 2018 წლის 28 თებერვლის პერიოდში, შპს „სვეტი დეველოპმენტის“ დამფუძნებლის და დირექტორის გ.ჯ.-ს და ამავე საზოგადოების დირექტორის თ.ჯ.-ს მიერ, ნდობის ბოროტად მოპოვებისა და შეცდომაში შეყვანის გზით, თაღლითურად დაუფლებულ იქნა მოქალაქეთა მიერ ბინების შესაძენად გადახდილი თანხები“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

პროკურატურის თქმით, საპროცესო შეთანხმების გაფორმებას საფუძვლად დაედო მსჯავრდებულებსა და დაზარალებულის სტატუსის მქონე პირთა შორის მიღწეული შეთანხმება.

დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ დღეიდან იწყება სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული ადამიანებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, რომელსაც კომპანია „M2“ განახორციელებს.