კომუნა „მზესუმზირა” ეხმაურება შრომის ინსპექციის მიერ სხვადასხვა დაწესებულების დაჯარიმებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას და მათ არგუმენტებს პასუხობს.
გუშინ, 23 ივლისს, კომუნა „მზესუმზირამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შრომის ინსპექციამ, კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების დაუცველობის გამო, 10 000 ლარით დააჯარიმა. მათი თქმით, საქმე ეხება შერჩევით სამართალს და აპირებენ, რომ ჯარიმა სასამართლოში გაასაჩივრონ.
ამის შემდეგ შრომის ინსპექციამაც გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნავდა, რომ „გამოიკვეთა რიგი ობიექტები, რომლებმაც ნაცვლად იმისა, რომ მოეხდინათ დარღვევების აღმოფხვრა, მიზანმიმართულად გაავრცელეს დეზინფორმაცია, თითქოს უკანონოდ დაჯარიმდნენ და მათ ობიექტზე დარღვევას სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია”. „მზესუმზირას” ეს facebook-პოსტი შრომის ინსპექციის აღნიშნულ განცხადებას ეხმაურება. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„იმ რეგულაციების დასაცავად, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე გაგვაცნეს, ჩვენი ტერიტორიის შესაბამისი აღჭურვა და ღონისძიებისთვის მომზადება, დავავალეთ კომპანია Geosafty-ის, რომელმაც უზრუნველყო, დაემონტაჟებინა ტერიტორიაზე:
1. ხელის დისპენსერები;
2. დეზობარიერები;
3. სპეციალური ნაგვის ყუთები;
4. სპეციალური ამომცნობი და საინფორმაციო ნიშნები;
5. გააკეთა ტერიტორიის სრული დეზინფექცია ივენთის დაწყებამდე;
6. ივენთზე მომუშავე სტაფს ჩაუტარა ინსტრუქტაჟი ვირუსის შესახებ;
7. მოგვამარაგა სრული ეკიპირებით, რომლითაც აღჭურვილი იყო სტაფი ნებისმიერ წერტილში, იქნებოდა ეს ბარი, კარის რიგები, დაცვა და ა.შ.;
პოსტს თან ერთვის ამ ყველაფრის დამადასტურებელი ფოტო და წერილობითი მასალა, რომელშიც ჩანს, რომ შრომის ინსპექცია, უბრალოდ, უტიფრად იტყუება და ცდილობს, თავიდან აირიდოს პასუხისმგებლობა უკანონოდ დაწერილ ჯარიმებზე.
შრომის ინსპექციას არც კი მოუთხოვია, გვეჩვენებინა მაგალითად, სტაფის ინსტრუქტაჟის ჩატარების ოქმი, არ მოუთხოვია, დაგვედასტურებინა დეზინფექციის ჩატარების პროცედურები, რომლის ნახვაც ივენთამდეც შეეძლოთ ჩვენს ფეისბუქგვერდზე, რომელსაც გააფთრებით ადევნებენ თვალყურს.
2. დისტანციის წესების დარღვევა ბარში და საცეკვაო მოედანზე – შეხვედრაზე, რომელიც ჩატარდა ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით და სადაც წარმოგვიდგინეს ახალი, ვითომდა შემსუბუქებული რეგულაციები, იყო პუნქტი, რომელიც გულისხმობდა მომხმარებლის დისტანციით ივენთზე დაშვებას.
ამ ინდუსტრიის ყველა წარმომადგენელი შეხვედრაზე აფიქსირებდა, რომ, ღონისძიების სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ დისტანციის სრულად დაცვა, ივენთის განმავლობაში, ყოველ წუთს ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა.
ამაზე შეხვედრის ორგანიზატორებმა გვითხრეს, რომ, თუ ტერიტორიის საერთო კვადრატულობა აკმაყოფილებდა …… ამ შემთხვევაში არ იქნებოდა გათვალისწინებული ჯარიმა.
ასევე ბარის შემთხვევაში – მივიღეთ ზუსტად იგივე პასუხი, რომ ამ კუთხით, სპეციფიკიდან გამომდინარე, პრობლემები არ შეგვექმნებოდა.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ შრომის ინსპექციის მიერ სიამაყით გამოქვეყნებულ ბარის ფოტოში, კარგად ჩანს ის დამცავი, ორგმინის ბარიერი, რომელიც გაკეთებული იყო მომხმარებლისა და ბარმენის უსაფრთხოებისთვის.
ჩვენ შეგახსენებთ, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები, მაისის თვიდან დაწყებული, იმართება ყოველკვირეულად. სამწუხაროდ, შრომის ინსპექციას მხოლოდ ახლა გაახსენდა თავისი „ფუნქცია“ და დაიწყო ჯარიმების გამოწერა.
სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ საქმე გვაქვს შერჩევით სამართალთან და არა რამე სხვასთან.
ანალოგიურ სიტუაციაშია კიდევ მრავალი სხვა ჩვენი მეგობარი ბარი, კლუბი თუ ფესტივალი, რომლებთან ერთადაც დღეს, 15:30 წუთზე, დედაენის ბაღში გავაკეთებთ საერთო განცხადებას და გაგაცნობთ ჩვენს მოთხოვნებს. გელოდებით ყველა მსურველს.
მადლობა გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის”, – წერს „მზესუმზირა” facebook-გვერდზე.