„შრომის ინსპექციამ ინფორმაციის უკანონოდ დახურვის პრაქტიკა აღმოფხვრა“ - SJC

პუბლიკა

„შრომის ინსპექციამ ინფორმაციის უკანონოდ დახურვის პრაქტიკა აღმოფხვრა“, – ამის შესახებ ინფორმაციას „სოციალური სამართლიანობის ცენტრი” ავრცელებს.

მიმდინარე წლის 5 ივლისს „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” ღირსეული შრომის პლატფორმასთან თანამშრომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა სარჩელი, რომლითაც საჯარო ინფორმაციის უკანონო დახურვას ასაჩივრებდა.

სასამართლოში სარჩელის წარდგენის საფუძველი გახდა, შრომის ინსპექციის სამსახურის გადაწყვეტილება, ინსპექტირების საქმის წარმოების მასალებში, მათ შორის, ინსპექტირების ანგარიშებში დაეშტრიხა ინფორმაცია შემოწმებული საწარმოების შესახებ, ისე რომ, დოკუმენტაციიდან არ ირკვეოდა, თუ რომელ საწარმოში რა დარღვევა დადგინდა.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ ინსპექციის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემდეგ, შრომის ინსპექციამ პოზიცია შეცვალა და მოთხოვნილი ინფორმაცია, სრულყოფილად, კომპანიასთან დაკავშირებული მონაცემების დაშტრიხვის გარეშე მოგვაწოდა.

იმედს გამოვთქვამთ, რომ შრომის ინსპექცია კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით ინფორმაციის გაცემას მომავალშიც გააგრძელებს და მოთხოვნილ დოკუმენტაციას სრულყოფილად მიაწვდის ყველა დაინტერესებულ მხარეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციის ცნობით, შრომის ინსპექციის სამსახური ინფორმაციის დაფარვის სამართლებრივ საფუძვლად მოიაზრებდა „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტს, რომლის თანახმად, „შრომის ინსპექტორი ვალდებულია დაიცვას ამ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა.“

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის” შეფასებით, შრომის ინსპექციის სამსახური კანონის ამ მუხლის მცდარ ინტერპრეტაციას ახდენდა და მას საჯარო ინფორმაციის გაცემის შეზღუდვის საფუძვლად იყენებდა, მაშინ როდესაც, ამ ნორმის მიზანია, დაიცვას დასაქმებულების ინტერესები და, ამავე დროს, შეზღუდოს საჯარო მოხელეების მიერ სამსახურებრივი საქმიანობის შესრულებისას მიღებული ინფორმაციის არაპროფესიულ კონტექსტში გამჟღავნება.

მათი თქმით, „შრომის ინსპექციის შესახებ“ კანონის მე-19 მუხლი არ ადგენს ადმინისტრაციული კოდექსით უკვე გათვალისწინებულ საფუძვლებზე დამატებით საფუძველს ინფორმაციის დაფარვისთვის და, ამდენად, ინსპექციის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს კოდექსით დადგენილ იმ ზოგად მოთხოვნებს, რომლებიც საჯარო ინფორმაციის გაცემას აწესრიგებს.