ბათუმში, რესტორან „რეტროში“ კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა, რის გამოც რესტორანს სამუშაო პროცესი ნაწილობრივ შეუჩერდა, – ამის შესახებ შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა ობიექტიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
მისივე განცხადებით, რესტორან „რეტროში“ თანამშრომელთა შრომით ხელშეკრულებებს შეისწავლიან. უწყებამ შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე გამოითხოვა.
„შრომის ინსპექციის სამსახურს ჰქონდა მყისიერი რეაგირება გავრცელებულ ვიდეოზე, მოხდა დაწესებულების შემოწმება როგორც უფლებრივი, ასევე უსაფრთხოების მიმართულებით. შემოწმდება დასაქმებულთა შრომითი უფლებები სრულად, უსაფრთხოების მიმართულებით მოხდა სამუშაო პროცესის ნაწილობრივ შეჩერება, სხვა დეტალებზე ინსპექტირების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. ვიპოვეთ ხარვეზი, ჩვენ ჩავთვალეთ ეს კრიტიკულად. როცა გამოსწორდება ეს ხარვეზები, მოგვმართავს დაწესებულება და თავიდან გადავამოწმებთ, შევაფასებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას, გაგრძელდეს სამუშაო თუ შეჩერდეს”, – განაცხადა შრომის ინსპექტორმა.
რესტორანი „რეტროს” მფლობელი, თეიმურაზ ვარშანიძე ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული.
გუშინ, 4 ივნისს, რესტორანი „რეტროს“ ყოფილმა მენეჯერმა, მარია ზოიძემ Facebook-ზე ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ რესტორნის მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე მიმტანზე ფიზიკურად ძალადობს.
ის, ასევე, წერს, რომ რუსების შემოდინებასთან ერთად რესტორანში რუსი თანამშრომლები მიიყვანეს, რომლებიც ძველ თანამშრომლებს ტოქსიკურ სამუშაო გარემოს უქმნიდნენ, მფლობელი კი მათ მხარს უბამდა, რადგან პრორუსია.