შრომის მინისტრი არ ვარ მხოლოდ კერძო სექტორისთვის, ასევე ვარ დასაქმებულებისთვის - ტიკარაძე

პუბლიკა

„ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მე შრომის მინისტრი არ ვარ მხოლოდ კერძო სექტორისთვის, ასევე ვარ დასაქმებულებისთვის”, – ასე უპასუხა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტის კითხვას შრომის კოდექსის კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილება.

ჟურნალისტის კითხვა ეხებოდა კანონპროექტით გათვალისწინებულ რეგულაციას, რის მიხედვითაც ზეგანაკვეთური სამუშაო უნდა ანაზღაურდეს შრომის ანაზღაურების საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ამ ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით არანაკლებ შრომის ანაზღაურების ნორმირებული საათობრივი განაკვეთის 125 პროცენტისა.

კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, ახლა არის ამის დრო, მოგწონთ ეს კანონპროექტი როგორც შრომის მინისტრს? – ტიკარაძემ აღნიშნა, რომ „რა თქმა უნდა მე ვთვლი, რომ სარგებელი უნდა იყოს ორივე მხარეს და სარგებელი უნდა ნახოს დასაქმებულმაც”.

მინისტრის თქმით, ამით ბიზნესი არ იზღუდება, [ეს ცვლილება] მას „რა თქმა უნდა მომწონს”.


აღნიშნული კანონპროექტი დამოუკიდებელი დეპუტატის დიმიტრი ცქიტიშვილის ავტორობითაა მომზადებული, ინიციატორები კი მასთან ერთად არიან – სოფიო კილაძე, დავით მათიკაშვილი, თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კობახიძე, რატი იონათამიშვილი და თამარ ხულორდავა.

პროექტით, შრომის ინსპექციის ზედამხედველობის ფარგლებში ექცევა შრომითი უფლებების აღსრულება. შესაბამისად, შრომის ინსპექციის საქმიანობის სფეროს მიეკუთვნება შრომის კოდექსის აღსრულება.

შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები ეხება შრომითი დისკრიმინაციის ცნებას, შრომით ხელშეკრულებასა და მასში გასათვალისწინებელ პირობებს, არასრულ სამუშაო განაკვეთს, სტაჟირებისა და გამოსაცდელ ვადას, სამუშაო დროის ხანგრძლივობას, სამუშაო დროის შეჯამებული აღრიცხვის წესს, ზეგანაკვეთურ სამუშაოს, ღამით მუშაობის შეზღუდვას, შვებულების მიცემის წესს, შრომის ანაზღაურებას, შრომითი პირობების დაცვას, კოლექტიურ შრომით უერთიერთობებს და ა.შ.

კანონპროექტის მიხედვით, უნდა შეიქმნას შრომის ინსპექციის სამსახური, რომლის იურიდიული სტატუსი იქნება – სსიპ და იქნება ჯანდაცვის სამინისტროსადმი დაქვემდებარებული. კანონის მიღების შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს რეოგრანიზაცია და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცეს ამ სამსახურს.