შრომითი უფლებები, საარსებო შემწეობა, საცხოვრებლის უფლება, შშმ პირები | SJC-ს შეფასება

პუბლიკა

სათანადო  საცხოვრებლის უფლება, შშმ პირების უფლებრივი მდგომარეობა, საარსებო შემწეობის სისტემა, შრომითი უფლებები – ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) 2023 წელს, სოციალური პოლიტიკის მიმართულებით უფლებრივი მდგომარეობის შეფასებას აქვეყნებს.

სათანადო საცხოვრებლის უფლება

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სათანადო საცხოვრებლის უფლება და უსახლკარობასთან ბრძოლა არც 2023 წელს იყო საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული. მათი თქმით, მიუხედავად არაერთი რეკომენდაციისა, საცხოვრისის პოლიტიკა – საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზებული კანონმდებლობა, ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, არ შემუშავებულა, შესაბამისად, ჯერ კიდევ არ არსებობს ხედვა უსახლკარობასთან ბრძოლისა და საცხოვრისის გარანტირების მიმართულებით, რაც ქვეყანაში ამ კუთხით არსებულ მდგომარეობას წლიდან წლამდე უფრო ამწვავებს.

„სამწუხაროა, თუმცა ფაქტია, რომ 2023 წელს მთავრობას არათუ არ უზრუნია უსახლკარობის მასშტაბის, ფორმებისა და გამომწვევი მიზეზების შესწავლისთვის, არამედ სათანადო საცხოვრებლის უფლებასთან დაკავშირებით მინიმალური ვალდებულებებიც კი არ ასახა საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაში (2022 – 2030)“, – წერია შეფასებაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს ერთ-ერთ ყველაზე მწვავე საკითხს სოციალურ საცხოვრისებში არსებული მდგომარეობა წარმოადგენს. მათი თქმით, მიუხედავად ამგვარი მექანიზმის მნიშვნელობისა, სერვისის მიწოდების პროცესი კრიტიკას ვერ უძლებს და სერვისი ვერ აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების მინიმალურ მოთხოვნებსაც კი.

„ამ მხრივ, განსაკუთრებულად პრობლემურია გორის მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური საცხოვრისი, სადაც 100-ზე მეტი უსახლკარო პირი ცხოვრობს და რომლის გარემოც უკიდურესად მძიმე, ღირსების შემლახველი და საფრთხის შემცველია – შენობა ავარიულია, საცხოვრისი დანესტიანებულია, მაცხოვრებლებს არ აქვთ წვდომა ინდივიდუალურ სველ წერტილებსა და თბილ წყალზე. უკიდურესად პრობლემურია გადატვირთულობა, არასათანადო გათბობა და ხანდაზმულებისა და შშმ პირებისათვის შენობის მიუწვდომლობა. მიუხედავად არაერთი მიმართვისა, გორის მუნიციპალიტეტს მაცხოვრებლების უსაფრთხო და ღირსეულ გარემოში გადაყვანის მიზნით რეაგირება არ ჰქონია“

ორგანიზაცია საუბრობს ორხევის საცხოვრისზეც და იქ არსებულ პირობებზე. როგორც შეფასებაში წერია, ორხევის სოციალურ საცხოვრისში 260-მდე უსახლკარო ადამიანს არასათანადო პირობებში (მათ შორის, მუდმივი ხმაური, გადატვირთულობა, ნესტი) უწევთ ცხოვრება.

სამგორის რაიონის გამგეობის მიერ დაკვეთილმა საექსპერტო დასკვნამ კი შენობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული გადაუდებელი საკითხები დააიდენტიფიცირა და მიუთითა, რომ საცხოვრისის ფუნქციონირება სპეციალური გამაგრებითი სამუშაოების გარეშე დაუშვებელია, ხოლო სამუშაოს ჩატარების დროს მოსახლეობა ევაკუირებული უნდა იყოს. არსებითია, რომ მაცხოვრებლების უსაფრთხო და ღირსეულ გარემოში განსახლების საკითხები მუნიციპალიტეტმა სათანადოდ ასახოს 2024 წლის ბიუჯეტში.

ორგანიზაცია საუბრობს საცხოვრისის ფინანსური ხელმისაწვდომობის მნიშვნელოვან გაუარესებაზეც და აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე სტუდენტები აღმოჩნდნენ.

გარდა ამისა, სოციალური სამართლიანობის ცენტრი ამბობს, რომ აქტუალურ და მწვავე საკითხს საცხოვრისიდან გამოსახლება წარმოადგენდა.

„მედიაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სხვადასხვა ოჯახის უკანასკნელი საცხოვრისიდან გამოსახლების გეგმის შესახებ. მდგომარეობას ართულებს ის ფაქტი, რომ გამოსახლების მარეგულირებელი კანონმდებლობა უკიდურესად ხარვეზიანია და მინიმალურადაც კი ვერ უზრუნველყოფს გამოსახლებას დაქვემდებარებული პირების/ოჯახების დაცვასა და მხარდაჭერას როგორც გამოსახლებამდე, ისე გამოსახლების დროსა და მის შემდგომ პერიოდებში“, – ვკითხულობთ შეფასებაში.

გარემოსდაცვითი უფლებები

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ 2023 წელი საქართველოსთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების დამანგრეველი შედეგებით და შოვსა და გურიაში მომხდარ მეწყრულ პროცესებზე საუბრობს.

„ამ დრომდე პასუხგაუცემელი რჩება არაერთი შეკითხვა ამ პროცესში სახელმწიფოს როლის და პასუხისმგებლობის შესახებ, მათ შორის, რატომ არ იყო დანერგილი მეწყრულად სახიფათო ზონაში ადრეული გაფრთხილების სისტემები, რამდენად ადეკვატური იყო სახელმწიფოს რეაგირება, განსაკუთრებით სტიქიის პირველ საათებში და შეიძლებოდა თუ ამხელა მსხვერპლის თავიდან არიდება.

ამასთან, პრობლემური იყო ისიც, რომ გამოძიების დაწყებისთანავე ხელისუფლების წარმომადგენლები პრაქტიკულად გამორიცხავდნენ დანაშაულის არსებობას, რაც გამოძიების დამოუკიდებლობის თაობაზე დამატებით შეკითხვებს აჩენდა. უფრო მეტიც, ხელისუფლების წარმომადგენლები არ მორიდებიან არც სტიქიას გადარჩენილებზე თავდასხმას და მათი მონაყოლის ეჭვქვეშ დაყენებას.

ამ საკითხზე დაწყებული გამოძიების პროცესიც ხარვეზებით წარიმართა. საგამოძიებო უწყებამ დაზარალებულ ოჯახს და მის ადვოკატს საქმის მასალების გადაცემაზე უარი განუცხადა და მხოლოდ უწყებაში გაცნობა შესთავაზა, რამაც მასალების მოცულობიდან და სირთულიდან გამომდინარე დაცვის უფლებით სათანადოდ განხორციელება მნიშვნელოვნად გაართულა.

გარდა ამისა, ხელისუფლება თავს ესხმოდა მედიას, რომელიც ინფორმაციას სტიქიის ადგილიდან ავრცელებდა, ისევე როგორც სხვა ფიგურებს, რომლებიც სტიქიაზე რეაგირების ზომების და ადრეული შეტყობინების სისტემის არარსებობის გამო, ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ”, – წერია შეფასებაში.

ორგანიზაცია ამბობს, რომ ხელისუფლება გასულ წელსაც აგრძელებდა მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღებას, მოსახლეობის მონაწილეობის და მათი ინტერესების გათვალისწინების გარეშე. ადგილობრივი თემის უგულებელყოფით, კერძო ინვესტორისთვის ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის 40 წლით გადაცემას, მარტვილის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლების პროტესტი მოჰყვა, რომელიც ამ დრომდე კარვებში გრძელდება.

„ჯერ კიდევ 2022 წელს, რაჭის ტყეების რუსეთთან დაკავშირებული ოლიგარქისთვის 49 წლით გადაცემას, რაჭის მოსახლეობის და მოძრაობა „რიონის ხეობის მცველების“ განგრძობითი პროტესტი მოჰყვა, ჯერ ადგილობრივ დონეზე, ონის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში, ხოლო მოგვიანებით, თბილისში გარემოს დაცვის სამინისტროსთან. სამინისტროსთან ეზოს გარეთ, საჯარო სივრცეში კარვის გაშლის მცდელობას სამართალდამცავების მხრიდან უკანონო ხელშეშლა მოჰყვა, ხოლო 11 დემონსტრანტი, ასევე, უკანონოდ დააკავეს.

მართალია, 28 ნოემბერს ლიცენზია გაუქმდა, თუმცა არა უკანონობის და ადგილობრივების უფლებების დარღვევის საფუძვლით, არამედ იმ მოტივით, რომ ინვესტორმა კომპანიამ ვალდებულებები არ შეასრულა, ხოლო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლიცენზიის პრობლემურობა არც ერთ ეტაპზე არ უღიარებია“, – აღნიშნულია შეფასებაში.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები

სოციალური სამართლიანობის ცენტრი შშმ პირების უფლებრივ მდგომარეობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ შშმ პირები საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე უჩინარ და მოწყვლად წევრებად რჩებიან.

მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენცია 2014 წლიდან ძალაშია, სახელმწიფოს ამ დრომდე არ შეუმუშავებია უფლებებზე დაფუძნებული სისტემა, რომელიც შშმ პირების ინდივიდუალურ საჭიროებებს გაითვალისწინებდა და უზრუნველყოფდა თემის წევრების ღირსების, ავტონომიისა და არჩევანის თავისუფლების დაცვას.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ შშმ პირების უფლებრივი მდგომარეობა არაერთი მიმართულებითაა პრობლემური, თუმცა, განსაკუთრებულ გამოწვევად რჩება:

  • სუსტი და მყიფე სოციალური პოლიტიკა, რაც შშმ თემის ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ამცირებს;
  • ინსტიტუციონალიზაციის უმძიმესი პრაქტიკა, რის გამოც ფსიქიკური და ინტელექტუალური ნიშნით ასობით შშმ პირს საზოგადოებისგან იზოლირებულად, დამოუკიდებელი ცხოვრებისა და სხვა უფლებებისა და თავისუფლებების უგულებელყოფის პირობებში უწევს ცხოვრება;
  • შეფასების, სტატუსის მინიჭებისა და თემის წევრთა მიმართ პოლიტიკის განხორციელება მხოლოდ სამედიცინო დიაგნოზზე დაყრდნობით;
  • შშმ პირებთან დაკავშირებით სტატისტიკური ინფორმაციის არარსებობა, რაც მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების მნიშვნელოვანი ხელშემშლელი ფაქტორია;
  • ქმედუნარიანობის რეფორმის არასათანადო განხორციელება, რის გამოც ათასობით შშმ პირს საკუთარ ცხოვრებაზე ფაქტობრივი კონტროლი დაკარგული აქვს;
  • ენის პოლიტიკის გამო, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი შშმ პირების მიერ ცენტრალურ დონეზე არსებულ სერვისებსა და ინფორმაციაზე წვდომის მნიშვნელოვანი ბარიერები;
  • გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირებისა და მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების ჩართულობის სისუსტე და უსისტემო ხასიათი.

ორგანიზაციის შეფასებით, 2023 წლის მანძილზე ერთ-ერთ ყველაზე მწვავე საკითხს შშმ პირთა სოციალური დაცვა წარმოადგენდა. „სამწუხაროდ, არსებული სისტემა კვლავ უგულებელყოფს თემის წევრთა საჭიროებებს და არამდგრადი მხარდაჭერით უზრუნველყოფს მათ. განსაკუთრებით პრობლემურია მუნიციპალური სერვისები, რომლებიც, უმეტეს შემთხვევაში, ფრაგმენტული და მოკლევადიანია.

შშმ პირები სერიოზული გამოწვევების წინაშე დგებიან ცალკეული სერვისების დისკრიმინაციული ბუნების, ასევე, შესაბამისი სერვისების არარსებობის/ნაკლებობის, მათი დაბალი ხარისხისა და მისაწვდომობის (მათ შორის, ფიზიკური, გეოგრაფიული, ინფორმაციული, ლინგვისტური) პრობლემების გამო“.

„მიმდინარე წელს შშმ პირთა სოციალური პაკეტის ადეკვატურობაც ერთერთ მწვავე საკითხად იდგა. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლიდან შშმ პირთა სოციალური პაკეტის ოდენობა გაიზარდა და სოციალური დახმარების შესახებ საქართველოს კანონში აღნიშნული ფულადი გასაცემელის ყოველწლიური ზრდის ვალდებულება აისახა, სოციალური პაკეტის მიმღებ შშმ პირთა 65 %-მდე (82 000-ზე მეტი ადამიანი) კვლავ საარსებო მინიმუმზე ნაკლებ ფინანსურ მხარდაჭერას (135 ლარიზომიერად გამოხატული შშმ პირებისათვის და 175 ლარიმკვეთრად გამოხატული შშმ პირებისათვის) იღებს. აღნიშნული ოდენობა, შშმ პირების საჭიროებების, ასევე, დასაქმებისა და სხვა ტიპის შემოსავლების სიმწირის გათვალისწინებით, უკიდურესი სოციალურეკონომიკური მოწყვლადობის რისკის ქვეშ აყენებს თემს”.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი წერს, რომ არაერთი გამოწვევის ფონზე, 2023 წელს მნიშვნელოვანი იყო აქონდროპლაზიის დიაგნოზის მართვის პროტოკოლის შემუშავება და ბავშვებისათვის მედიკამენტის დანერგვის პროცესის დაწყება.

საარსებო შემწეობის სისტემა

ორგანიზაცია საუბრობს საარსებო შემწეობის სისტემაში არსებულ ხარვეზებზეც და აღნიშნავს, რომ საგანგაშოა არა მხოლოდ საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის დიდი რაოდენობა, არამედ სისტემაში ამ ადამიანების დარჩენის დროითი მაჩვენებლებიც. „2023 წლის ივნისის მდგომარეობით, საარსებო შემწეობის მიმღებთა 47% სისტემაში 5 წელზე მეტხანს რჩება, ბენეფიციართა 19.3 % შემწეობას 11 წელზე მეტი ხნის, ხოლო 61 000-ზე მეტი ადამიანი – 15 წელზე მეტი ხნის მანძილზე იღებს“.

ასევე, მათი თქმით, მიუხედავად სისტემის მიერ მოსახლეობის დაფარვის მაღალი მაჩვენებლებისა, სერვისის მიღმა არაერთი მოწყვლადი ჯგუფი და ადამიანია დარჩენილი. მაგალითისთვის, სისტემა ვერ ხედავს ქუჩაში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც უკიდურეს მოწყვლადობაში იმყოფებიან და სახელმწიფოსგან მხარდაჭერას საჭიროებენ.

„როგორც სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ 2023 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, სის­ტე­მა ასევე ნაკლე­­ბად ხედავს სხვადასხ­­ვა უსახლკარო ჯგუფის, შშმ პირების, ხანდაზმულებისა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების საჭიროებებსაც.

გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, სისტემის მიღმა არის დარჩენილი სიღარიბის ზღვარს მცხოვრები მოსახლეობის მესამედი, რომელიც სახელმწიფოს შეფასებისა და შემწეობის დანიშვნისთვის არ მიმართავს.

სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიცირების მეთოდოლოგიის ხარვეზების გამო, სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მიმართვის შემთხვევაშიც კი, არსებობს შინამეურნეობების მხარდაჭერის გარეშე დატოვების შესაძლებლობა. მაგალითად, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევით, ბავშვთა მიზნობრივი შემწეობის პაკეტი არასრულწლოვნების ყველაზე ღარიბი დეცილის მხოლოდ 43 %-მდე აღწევდა, გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის მიხედვით კი მოცემული სერვისით სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ბავშვების მხოლოდ 37 % იყო მოცული“, – წერს ორგანიზაცია.

მათი შეფასებით, საარსებო სისტემის ხარვეზები კიდევ უფრო პრობლემურად ითვლება იმ პირობებში, როდესაც სოციალურად დაუცველის სტატუსსა და ქულაზე არაერთი სხვა ბენეფიტის მიღებაა დამოკიდებული. მაგალითად, მუნიციპალურ დონეზე არსებული სერვისების მნიშვნელოვანი ნაწილი ექსკლუზიურად სოციალურად დაუცველ მოსახლეობას მიემართება, რაც საარსებო შემწეობის სისტემის მიღმა დარჩენილთა გარიყვას იწვევს ისეთი მნიშვნელოვანი სერვისებიდან როგორებიცაა, მაგალითად, მედიკამენტების დაფინანსება, უფასო სასადილოს მომსახურება, ფულადი დახმარებები, კომუნალური გადასახადების სუბსიდირება და სხვა.

               შრომითი უფლებები

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ამბობს, რომ წინა წლების მსგავსად, 2023 წელს კვლავ დაფიქსირდა არსებითი დარღვევები სამართლიანი, უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობების უგულებელყოფის, ღირსეული ცხოვრებისათვის შეუსაბამო ანაზღაურების, გადაჭარბებული სამუშაო საათებისა და აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური შრომის, დეკრეტული შვებულების არასათანადო ანაზღაურებისა და შვებულებისა და დასვენების შესაძლებლობების ნაკლებობის კუთხით.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კანონმდებლობაში არსებული მრავალი ფორმალური გარანტია არ არის რეალურად აღსრულებული პრაქტიკაში, ხოლო გარკვეული საკითხები პრობლემურად რჩება კანონმდებლობის დონეზეც კი.

მათი თქმით, კვლავ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს სამუშაო ადგილზე გარდაცვალებისა და დაშავების შემთხვევები. დამსაქმებელთა ცნობიერებისა და ნების ნაკლებობა, დაიცვან შრომის ძირითადი სტანდარტები, ისევე როგორც სუსტი სახელმწიფო ზედამხედველობა და შრომითი უფლებების აღსრულების ეფექტური მექანიზმების ნაკლებობა კრიტიკულ სისტემურ ჩავარდნებს წარმოადგენს, რომელთა გამოსწორებისათვის სახელმწიფო სათანადოდ არ ზრუნავს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი საუბრობს შრომის ანაზღაურებაზეც და აღნიშნავს, რომ ის ღირსეული ცხოვრების გარანტიებს ვერ ქმნის.

„საქართველოში არ მოქმედებს მინიმალური ხელფასის რეგულაცია (გარდა სამედიცინო სექტორისა), რომელიც დამსაქმებელს ადეკვატური და ღირსეული ხელფასის გადახდას აიძულებდა. შედეგად, ვიღებთ მძიმე შრომას, რომელიც სათანადოდ არ ანაზღაურდება და მშრომელებს თვიდან თვემდე თუ გააქვთ თავი, რომ აღარაფერი ვთქვათ, დანაზოგზე და სამომავლო ფინანსურ კეთილდღეობაზე ზრუნვაზე.

დაუფასებელმა შრომამ და ქვეყანაში არსებულმა მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ გასულ წელს მშრომელების არაერთ ჯგუფს უბიძგა ორგანიზებული გაფიცვისა და პროტესტისაკენ შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით”, -ვკითხულობთ შეფასებაში.

მათი თქმით, წლის განმავლობაში დასაქმების არაერთ სფეროში გამოვლინდა მშრომელების მხრიდან დამსაქმებელთა მიმართ პროტესტის საჯაროდ გამოხატვის შემთხვევები, მათ შორის, სამთო-მოპოვებით მრეწველობაში, მძიმე ინდუსტრიებში, სამედიცინო სექტორში, განათლების სფეროსა და ონლაინ მიტანის სერვისებში დასაქმებული პირების მხრიდან. SJC აღნიშნავს, რომ მშრომელების სხვადასხვა ჯგუფების საპროტესტო მოძრაობების სიმრავლე ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ რეალობაზე მიუთითებს, რასაც სახელმწიფო ვერ პასუხობს შესაბამისი სამოქმედო გეგმით. საკითხები, რომლებიც რიგით მოქალაქეებს ყველაზე მეტად აწუხებთ, დიდწილად, არ შემოდის არც პოლიტიკური აქტორების დღის წესრიგში.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ შრომის მიმართულებით არსებულ პრობლემებზე სამუშაოდ მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს სახელმწიფოს, დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შორის სამმხრივი კონსულტაციები და სოციალური დიალოგი.

სრულად სოციალური სამართლიანობის ცენტრის უფლებრივი მდგომარეობის შეფასებას გაეცანით ბმულზე.