შშმ პირებს მიეცეთ უფლება, „კომენდატის საათის“ დროს გავიდნენ გარეთ - FAD

პუბლიკა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ Covid- პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტად დაზარალდნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, პანდემიის დროს შშმ პირებს კიდევ უფრო შეეზღუდათ საზოგადოებრივი ცხოვრება.

„პანდემიის დროს კი უფრო მეტად შეეზღუდათ მათ საზოგადოებრივი ცხოვრება. ამას ემატება ისიც, რომ კომენდანტის საათის დროსაც არ აქვთ მათ გარეთ გასვლის უფლება. ზოგი მათგანისთვის, განსაკუთრებით კი ქცევითი სირთულეების მქონე ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გარეთ გასვლა და გასეირნება. როდესაც მათ ეზღუდებათ ეს შესაძლებლობა, მათი ქცევები უფრო რთულდება, რის შედეგადაც ისინი მიმართავენ თვითდაზიანებას. ეს ყველაფერი კი ამძიმებს როგორც მათ ასევე, მათი ოჯახების მდგომარეობას.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ აუტიზმის მქონე ბავშვებს მიეცათ უფლება, რომ კომენდანტის საათის დროს გავიდნენ გარეთ, მაგრამ მხოლოდ მათ, ვინც დადის აუტიზმის ცენტრში. იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც აუტიზმის ცენტრებში არ დადიან, ძალიან დიდია, რადგანაც ბევრი მათგანი ვერ მოხვდა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამაში, ან ზოგი მათგანი ცხოვრობს ისეთ რეგიონში, სადაც აუტიზმის ცენტრები საერთოდ არ არსებობს“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას მიმართავს თხოვნით, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა ადამიანს და მათ თანმხლებ პირებს მიეცეთ უფლება კომენდანტის საათის დროს გავიდნენ გარეთ, რომლებსაც თან ექნებათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამადასტურებელი ბარათი, ხოლო იმ პირებს, ვისაც საქართველოს კანონში არსებული ხარვეზის გამო სახელმწიფო არ ანიჭებს შშმ პირის სტატუსს, მაგრამ აქვთ გარკვეული დიაგნოზი, თან ექნებათ დიაგნოზის დამადასტურებელი ფორმა № IV-100/ა.