შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 29 სექტებერს მარნეულში მომხდარ დაპირისპირების საქმეზე ორი პირი – 1987 წელს დაბადებული გ.შ. და 1977 წელს დაბადებული გ.ჯ. ძალადობის ბრალდებით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ გ.შ.-მ მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, საღამოს, მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა „ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებს – გ.ქ.-სა და ლ.ქ.-ს, ასევე, მათ თანმხლებს – დ.ქ.-ს. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს – გ.ჯ.-ს, გამოძიებით დადგენილია, რომ მან ამავე დაპირისპირებისას ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ.ქ.-ს.”, – წერს შსს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
29 სექტემბერს მთელი დღის განმავლობაში დაძაბული ვითარება იყო მარნეულში. თავდაპირველად ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა საოლქო კომისიის ადმინისტრაციის წინ „ნაციონალური მოძრაობა“ აქციას მართავდა. ორივე მხარე – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს ადანაშაულებს პროვოკაციებში. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.
საღამოს 10 საათისთვის მარნეულში კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა, რა დროსაც დაშავდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გივი ქველაძე და მისი შვილი ლაშა ქველაძე. ოპოზიციის წევრები თავდასხმის ხელმძღვანელობაში მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარეს, „ქართული ოცნების“ შტაბის უფროს ამირან გიორგაძეს ადანაშაულებს.
„ქართული ოცნების“ თქმით კი, დაპირისპირება ენმ-ის პროვოცირებული იყო. პარტიაში აცხადებენ, „ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები „ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ და მათ მხარდამჭერებზე როგორც სიტყვიერად, ისე ფიზიკურად ძალადობა დაიწყეს, რის შემდეგაც ვითარება გართულდა და კონფლიქტი ორმხრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა.