შსს: აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო, დავაკავეთ 63 ადამიანი

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო, 63 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

დარახველიძე აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები თავს ესხმოდნენ პოლიციელებს და ცდილობდნენ კორდონების გარღვევას. მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიის ლიდერები და აქციის მონაწილეები ხელოვნურად ბლოკავდნენ პარლამენტის გამომსვლელებს, რაც კანონით აკრძალულია.

„საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ აქცია სრულად მიიღო ძალადობრივი ხასიათი, ყველამ კარგად ვნახეთ როგორ უპირისპირდებოდნენ აქციის მონაწილეები პოლიციელებს, ისინი მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა მძიმე საგნებს – მათ შორის ქვებს და ბოთლებს”, – ამბობს დარახველიძე.

უწყების ცნობით, 6-მა პოლიციელმა მიიღო დაზიანებები და სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, გადაყვანილი არიან სამედიცინო დაწესებულებებში.