შსს არ პასუხობს კითხვას, არიან თუ არა „პუბლიკის" ჟურნალისტზე თავდასხმაში მონაწილე პირები იდენტიფიცირებულნი

პუბლიკა

„პუბლიკის” ჟურნალისტის, მინდია გაბაძის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს არ აქვს პასუხი, იდენტიფიცირებულები არიან თუ არა ინციდენტში მონაწილე პირები.

ამ კითხვაზე პასუხის მიღებას „პუბლიკა“ დღეს დილიდან ცდილობს.

შეკითხვას – არიან თუ არა იდენტიფიცირებულნი ინციდენტში მონაწილე პირები ან დააკავეს თუ არა ისინი, უწყებაში არ პასუხობენ. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ, თუ რაიმე სიახლე იქნება ამ საქმესთან დაკავშირებით, შეგვატყობინებენ.


„პუბლიკის” ჟურნალისტთან დაკავშირებით ინციდენტი 3 დღის წინ, 31 ოქტომბერს მოხდა. ჟურნალისტი გლდანის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა – იღებდა მოქალაქეს, რომელიც იგინებოდა და აგრესიულად შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა ჟურნალისტებს.

ამ ფაქტის გადაღების დროს აგრესიულად განწყობილმა პირმა მას ფეხი დაარტყა. ჟურნალისტს დაუვარდა ტელეფონი და ვეღარ შეძლო ვიდეოგადაღების გაგრძელება. ძირს დაგდებულ ტელეფონს ინციდენტში მონაწილე სხვა პირმაც დაარტყა ფეხი.

„კარგად გადამიღეთ, ოთო ვარ. არც სახეს ვმალავ, არც არაფერს”, – ამბობდა პირი, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტს.

მომხდარზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით [ნივთის დაზიანება ან განადგურება] და 154-ე მუხლის პირველი ნაწილი დაიყო, რაც ითვალისწინებს:

ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ასოციდან ასორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.