შსს: დავაკავეთ 4 პირი, რომლებიც შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჭიათურაში მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი სისხლის სამართლის წესით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში, შუქრუთის მაღაროს დირექტორს, 1982 წელს დაბადებულ თ.კ.-ს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა თ.კ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან, რამდენიმე საათში დააკავეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მაღაროელების განცხადებით, გუშინ, 28 აპრილს, დაახლოებით 03:00-ზე პროტესტის 4 მონაწილე დააკავეს. საპროტესტო კარვიდან დააკავეს გიორგი ნეფარიძე, მერაბ სარალიძე და თენგიზ გველესიანი. არჩილ ჭუმბურიძე კი სახლიდან აიყვანეს.

მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე აცხადებს, რომ მათი ინფორმაციით, ისინი ქუთაისის იზოლატორში იმყოფებიან.

პროტესტის მონაწილეები დილიდან ჭიათურაში აქციას მართავენ და თანამოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ 28 აპრილს გაავრცელა განცხადება, რომ პროტესტის მონაწილეებმა ერთ-ერთი მაღაროდან წამოსული სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, თენგიზ კობერიძის მანქანას გზა გადაუკეტეს, კობერიძე მანქანიდან გადმოიყვანეს და ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.


23 აპრილს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ჭიათურაში წარმოების განახლების მიზნით რეორგანიზაცია დაიწყო და კომპანია გეგმავს:

  • სრულად უარი თქვას არა-პროფილურ მიმართულებებზე და ამ მხრივ ხარჯები 100%-ით შეამციროს;
  • მოახდინოს ყველა საწარმოო პროცესის ტექნოლოგიურ და ნორმატიულ სტანდარტებთან სრულად შესაბამისობაში მოყვანა, მათ შორის: სამუშაო აღწერილობის; შრომითი პირობების; სამუშაო საათების; საკვალიფიკაციო მოთხოვნების.
  • საშტატო სტრუქტურისა და პოზიციების დაკომპლექტება მხოლოდ ტექნოლოგიურ პროცესში საჭირო, სათანადო პროფესიის მქონე კადრებითა და აუცილებელი ტექნიკური პერსონალით;
  • ადმინისტრაციასა და მმართველ რგოლში შემცირებას, როგორც რაოდენობრივ ასევე ანაზღაურების ნაწილში;

კომპანიის მტკიცებით, თანამშრომელთა შერჩევა წარიმართება შიდა კონკურსის სახით და მოიცავს სამ ეტაპს:

  1. თანამშრომელთა განაცხადების მიღებას განახლებულ საშტატო პოზიციებზე;
  2. თანამშრომელთა ინდივიდუალურ კომისიურ გასაუბრებას;
  3. გასაუბრების შედეგების შეჯერებიდან გამომდინარე კონკრეტული თანამშრომლების შერჩევას.

„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის” განცხადებაში აღნიშნულია, რომ მაღაროები ეტაპობრივად მაისის ბოლომდე გაიხსნება. ასევე, მათივე განცხადებით, „2026 წლის პირველი იანვრისთვის კომპანიამ უნდა დაძლიოს ფინანსური კრიზისი, აღარ იფუნქციონიროს ზარალზე და დაიწყოს სტაბილური ოპერირება”.

იქამდე, 22 აპრილს კომპანიამ განაცხადა, რომ ჭიათურაში სამთო წარმოების აღდგენა და რეორგანიზაცია დაიგეგმა და წარმოების განახლების პროცესს „მაღალკვალიფიციური მენეჯერი“ მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს.

24 აპრილს მაღაროელებმა გაასაჯაროვეს „ჯორჯიან მანგანეზისგან“ მიღებული განაცხადების ფორმები და იმ მაღაროელებს, რომლებიც „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის” მიერ გამოცხადებული მიწისქვეშა სამუშაოების აღდგენისა და კომპანიის რეორგანიზაციის პროცესში მონაწილეობას აპირებენ, მოუწოდეს, არ მოაწერონ ხელი გათავისუფლების წერილს.

მაღაროელთა განცხადებით, კომპანია მასობრივი დათხოვნის პროცესს უკანონოდ ატარებს და ამის გადასაფარად დასაქმებულებს თხოვენ, თვითონ მოითხოვონ გათავისუფლება.

პროტესტის მონაწილეები ქალაქში მთავრობის წარმომადგენლების ჩასვლას და კრიზისის მოგვარებაში მათ უშუალო ჩართულობას მოითხოვენ. მაღაროელები კომპანიის მიერ გამოცხადებულ რეორგანიზაციას არ ეთანხმებიან.

ისინი ასევე უნდობლობას უცხადებენ კომპანიის ახალ წარმომადგენელს, რუსეთის მოქალაქე მიხეილ სოცკის. საინიციატივო ჯგუფის წევრების ცნობით, სახელმწიფოს ჩარევისა და გარანტიების მიღების გარეშე არ განიხილავენ კომპანიასთან თანამშრომლობის აღდგენას.


კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ იანვრიდან ჭიათურაში საწარმოო პროცესი სრულად გააჩერა – მიზეზად კი სოფელ შუქრუთის მოსახლეობის „რადიკალური” პროტესტი დაასახელა.

„ჯორჯიან მანგანეზი” მაშინ წერდა, რომ თანამშრომლებს ხელფასის 60%-ის ანაზღაურებასა და მოქმედი სადაზღვევო საოჯახო პაკეტის შენარჩუნებას სთავაზობდნენ.

მაღაროელების თქმით, კომპანიამ დაპირება არ შეასრულა. 28 თებერვლიდან ჭიათურაში ისინი უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავენ.

7 მარტს ცნობილი გახდა, რომ „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ”, „ჯორჯიან მანგანეზთან” შეთანხმებით, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოებს აღარ განაახლებს. მაღაროელების თქმით, კომპანიის ეს გადაწყვეტილება უმუშევრად 2000-დან 2 500 დასაქმებულს ტოვებს.

მას შემდეგ, რაც მაღაროელებმა ჭიათურაში პროტესტი დაიწყეს, ისინი თბილისშიც ჩამოვიდნენ და რამდენიმე აქცია გამართეს, მათ შორის კანცელარიის შენობასთან და კიდევ ერთხელ მოითხოვეს პროცესებში სახელმწიფოს ჩართულობა.

ერთ-ერთი აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთანაც გაიმართა, სადაც მათ მოითხოვეს 3 თვის ხელფასის ანაზღაურება და ჭიათურის საკითხზე „ოცნების“ ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილ სამმხრივ კომისიაში მათი წარმომადგენლის ჩართვა.

მაღაროელები მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას მოითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ კომპანიასთან ნებისმიერი სახის მოლაპარაკებებში შესვლა მათთვის მიუღებელია.