შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გუშინ, 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, „გვაქვს საფუძველი მივიჩნიოთ, რომ დღეს და მომდევნო დღეების განმავლობაში გამართული ნებისმიერი შეკრება არის გუშინდელი მცდელობის გაგრძელება და მივიღებთ შესაბამის ზომებს“.
შსს განცხადებაში მოუწოდებს ყველას, „თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც მათ მიმართ სამართლებრივი ზომების მიღების საფუძველი შეიძლება გახდეს”.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გუშინ გაიმართა შეკრება, რომლის გაცხადებული მიზანი ხელისუფლების დამხობა იყო. შეკრებამ მალევე მიიღო კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, რის შემდეგაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უმაღლესი სამართლებრივი სტანდარტის შესაბამისად მიიღო პროპორციული ზომები კანონის დაცვის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს და მომდევნო დღეების განმავლობაში მიიღებს შესაბამის ზომებს კანონდამრღვევების დასადგენად და მათ მიმართ კანონის აღსასრულებლად.
ამასთან, გუშინ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, გვაქვს საფუძველი მივიჩნიოთ, რომ დღეს და მომდევნო დღეების განმავლობაში გამართული ნებისმიერი შეკრება არის გუშინდელი მცდელობის გაგრძელება და მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას.
მოვუწოდებთ ყველას, მხედველობაში მიიღონ ეს გარემოება და თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც მათ მიმართ სამართლებრივი ზომების მიღების საფუძველი შეიძლება გახდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
4 ოქტომბერს თბილისში არჩევნების პარალელურად აქცია გაიმართა. თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს მოგვიანებით მურთაზ ზოდელავამ უთხრა, რომ გადაენაცვლათ პრეზიდენტის სასახლესთან. აქციის მონაწილეების ნაწილმა შეანგრია ჭიშკარი და ეზოში შეიჭრა, მალევე ეზოში გამოჩნდა სპეცრაზმი. სპეცრაზმმა დემონსტრანტები წიწაკის სპრეის, წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.
სამართალდამცავი უწყების თანამშრომლებმა უკვე დააკავეს „4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის“ ყველა წევრი – პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე.
„მათ ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – თქვა შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.