„თბილისი პრაიდის” ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი თაბაგარი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მის ადმინისტრაციულ პატიმრობას მოითხოვს.
თაბაგარს უწყება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავება, რაც გულისხმობს პოლიციელის მიმართ დაუმორჩილებლობას ან ამ პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას. მუხლი ითვალისწინებს დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
როგორც თაბაგარის ადვოკატი „პუბლიკასთან” საუბრისას ამბობს, შსს-ს წარმომადგენლებმა სასამართლოზე თაბაგარის 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოითხოვეს.
სასამართლო პროცესი მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზეა. ადვოკატის თქმით, შსს-მ პროცესზე თაბაგარის facebook-პოსტი წარადგინა, სადაც ის წერს, რომ პოლიციელს აგინა.
„დღეს აბსურდისტანის სასამართლო პროცესი მქონდა. 5 ივლისს, სატელეფონო ზარის დროს პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფის საქმეზე.
ბრალმდებელი მხარე უმაღლეს ზომას, პატიმრობას ითხოვს! ?
მაინც შეგახსენებთ, რომ ეს იმ ქვეყანაში ხდება, სადაც 5 ივლისის არც ერთი ორგანიზატორის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დამდგარა. არც კი დავუბარებივარ გამოკითხვაზე ვინმეს..”, – წერს თაბაგარი facebook-ზე.
თაბაგარის განმარტებით, საქმე ეხება 5 ივლისს მასსა და პოლიციელს შორის შემდგარ სატელეფონო საუბარს, რა დროსაც, მისი თქმით, პოლიციელს აგინა.
„ალბათ იკითხავთ რა მოხდა 5 ივლისსო? 2-3 საათია ალბათ 5 ივლისს და მეოთხე ადგილიდან ევაკუაციის პროცესში ვართ, ოფისები უკვე დარბეულია და ტერორისტები ქუჩებში ბოგინებენ, დაგსვდევენ პირდაპირი მნიშვნელობით და პოლიცია არ მინახავს თვალით არსად. ასეთ დროს, მანქანით მივდივართ მორიგ ლოკაციაზე და მირეკავს ეს პოლიციელი, მშვიდად მეუბნება, რომ ოფისის დარბევის ფაქტზე გირეკავთ და იქნებ კარი გაგვიღოთ, რომ ზარალი აღვწეროთ და გამოძიება დაიწყოსო. იმდენად არაადეკვატური იყო ეს ზარი მთელი თავისი არსით, რომ ამ ტიპს ვაგინე. პოლიცია, რომელიც არსად არ იყო იმ დღეს, სადაც სიცოცხლის მოსპობის რეალური რისკები იდგა, 5 ივლისს 3 საათზე მირეკავდა ოფისის კარი გამიღე, რომ დავათვალიეროთო”, – წერდა თაბაგარი facebook-ზე.