პოლიციელმა მამცნო, რომ აღიძრა ადმინისტრაციული საქმე - თაბაგარი

პუბლიკა

თბილისი პრაიდის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი თაბაგარი სოციალურ ქსელში წერს, რომ მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმე აღიძრა.

თაბაგარის განმარტებით, საქმე ეხება 5 ივლისს მასსა და პოლიციელს შორის შემდგარ სატელეფონო საუბარს, რა დროსაც, მისი თქმით, პოლიციელს აგინა.

„მოკლედ, ძველი თბილისის პოლიციიდან დამირეკა ერთმა გამომძიებელმა და მამცნო რომ ჩემს წინააღმდეგ აღძრა საქმე, ადმინისტრაციულით. საქმე ეხება 5 ივლისს ჩემსა და ამ ადამიანს შორის შემდგარ სატელეფონო კომუნიკაციას.

ალბათ იკითხავთ რა მოხდა 5 ივლისსო?

2-3 საათია ალბათ 5 ივლისს და მეოთხე ადგილიდან ევაკუაციის პროცესში ვართ, ოფისები უკვე დარბეულია და ტერორისტები ქუჩებში ბოგინებენ, დაგსვდევენ პირდაპირი მნიშვნელობით და პოლიცია არ მინახავს თვალით არსად. ასეთ დროს, მანქანით მივდივართ მორიგ ლოკაციაზე და მირეკავს ეს პოლიციელი, მშვიდად მეუბნება რომ ოფისის დარბევის ფაქტზე გირეკავთ და იქნებ კარი გაგვიღოთ რომ ზარალი აღვწეროთ და გამოძიება დაიწყოსო. იმდენად არაადეკვატური იყო ეს ზარი მთელი თავისი არსით, რომ ამ ტიპს ვაგინე. პოლიცია, რომელიც არსად არ იყო იმ დღეს, სადაც სიცოცხლის მოსპობის რეალური რისკები იდგა, 5 ივლისს 3 საათზე მირეკავდა ოფისის კარი გამიღე რომ დავათვალიეროთო.

არც ერთ სიტყვას არ ვნანობ! ველოდები ამ საინტერესო და აბსურდული საქმის განვითარებას“, – წერს თაბაგარი „ფეისბუქზე“.

„პუბლიკა“ დეტალების გასარკვევად შსს-ს დაუკავშირდა. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.


5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შედეგად მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. რამდენიმე მათგანს ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა. ამ დრომდე სამართალდამცავ უწყებებს ძალადობის ორგანიზების ბრალდებით არცერთი პირი არ დაუკავებია.