შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, რომ გარდაიცვალა პირი, რომელიც გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში დაკითხვის დროს „შეუძლოდ“ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 7 ივნისს რესტორანში დაწყებული ურთიერთშელაპარაკება მოგვიანებით ამავე რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაპირისპირების დროს 1998 წელს დაბადებულმა ს.უ.-მ და 1996 წელს დაბადებულმა დ.ს.-მ სხეულის სხვადასხვა არეში, მათ შორის თავის არეში დაზიანებების მიაყენეს 1987 წელს დაბადებულ ა.ყ.-ს. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ფიზიკური დაპირისპირების დროს ა.ყ.-მ ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა ს.უ.-სა და დ.-ს.-ს, ხოლო მისმა თანმხლებმა პირმა ფიზიკურად იძალადა მათზე. მომხდარი ფაქტის შემდეგ, როგორც დაპირისპირებაში მონაწილე, ისე მომხდარის შემსწრე პირებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს. შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინციდენტში მონაწილე ყველა პირი, გლდანი-ნაძალადევის მთავარ სამმართველოში იქნენ წარმოდგენილი.
სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, პოლიციის მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რესტორნის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულია დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალა. საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს შენობაში მყოფი ა.ყ. გახდა შეუძლოდ და გონება დაკარგა. სამართალდამცველებმა სასწრაფო დახმარება დაუყოვნებლივ გამოიძახეს და სტაციონარში გადაიყვანეს. პოლიციამ მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაცია მყისიერად მიაწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებიდან ორ დღეში ა.ყ., სამწუხაროდ, გარდაიცვალა. პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ბრალდების სამი პირი უკვე დააკავა, მათ შეფარდებული აქვთ პატიმრობა. დანიშნულია ყველა ექსპერტიზა და საგამოძიებო ორგანო ფაქტზე აგრძელებს გამოძიებას“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
დარახველიძემ აღნიშნა, რომ შსს „კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს და აქტიურ კომუნიკაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან“.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში „პუბლიკას” ეუბნებიან, რომ გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში შეუძლოდ გახდომის შემდეგ კლინიკაში გარდაცვლილი პირის საქმეზე გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე მიმდინარეობს.
„2025 წლის 7 ივნისს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, შინაგან საქმეთა სამინისტროდან შემოსული შეტყობინება, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის 7 ივნისს, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში გამოკითხვაზე მყოფი ა.ყ. მოულოდნელად გახდა შეუძლოდ, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილი იქნა კლინიკაში.
საქმეზე ტარდება აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები. დანიშნულია ექსპერტიზები”.
„პუბლიკის” დამაზუსტებელ კითხვებზე, თუ გამოითხოვეს კადრები ან თუ გამოჰკითხეს სამმართველოს თანამშრომლები, სპეციალურ საგამოძიებოში გვეუბნებიან, რომ ამ ეტაპზე დამატებით ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან.