შსს: გურიის რეგიონში 200-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს

პუბლიკა

შსს-ს ინფორმაციით, გურიის რეგიონში, სტიქიის ზონიდან მაშველებმა 11 მოქალაქის უსაფრთხო ადგილას გამოყვანა შეძლეს, მათ შორის არიან ბავშვები და უცხო ქვეყნის მოქალაქე.

შსს-ს ბოლო ცნობით, გურიაში, სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი, ორ დაკარგულს კი ამ დრომდე ეძებენ.

უწყების ინფორმაციით, გურიის რეგიონში 200-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს. სტიქიის ზონაშია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილიც.

„ამ ეტაპზე, მაშველების მიერ გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 11 მოქალაქე, მათ შორის არიან მცირეწლოვნები და არასრულწლოვნები. მაშველების მიერ მდინარე სუფსიდან ამოყვანილია უცხო ქვეყნის მოქალაქე, სოფელი ჯუმათიდან, დამეწყრილი ტერიტორიიდან გამოყვანილია ერთი მოქალაქე, ხოლო სოფელი სუფსიდან 9 მოქალაქე, რომელთაგან 7 ბავშვია.

ძებნის ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი და 2 პირის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის მიერ იმერეთის, აჭარისა და გურიის რეგიონებში მყოფი მოქალაქეებისთვის ეტაპობრივად იგზავნება გამაფრთხილებელი შეტყობინებები”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გურიაში ძლიერმა წვიმამ დატბორა საცხოვრებელი სახლები, ქუჩები, წაიღო ხიდები, დაამტვრია ხეები, ჩამოშალა მიწის მასები.