„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა სამინისტრო „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მასზე პოლიციის განყოფილებაში ფიზიკურად იძალადეს, დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში კი ნების საწინააღმდეგოდ სრულად გააშიშვლეს.
ხოშტარიას საპასუხოდ შსს ამტკიცებს, რომ ის „იქცეოდა აგრესიულად”, კანონიერი პროცედურების გავლისას დაარღვია შინაგანაწესი და უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე დაკავებულის მიმართ კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე აუცილებელი პროცედურები”.
„მიმდინარე წლის 28 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, ელენე ხოშტარია პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავდა.
დაკავების შემდეგ, მის მიმართ განხორციელდა შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები. თავდაპირველად ის გადაყვანილი იქნა პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, შემდგომ კი დროებითი მოთავსების იზოლატორში.
იზოლატორში მოთავსებამდე დაკავებული პირის მიმართ დაიწყო კანონით დადგენილი პროცედურების განხორციელება, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტო ბრძანება №423 – ით რეგულირდება.
პროცედურების გავლისას ელენე ხოშტარიამ დაარღვია იზოლატორის შინაგანაწესი, კერძოდ ის უარს აცხადებდა მოთავსების კანონით განსაზღვრულ პროცედურების სრულად გავლაზე და იქცეოდა აგრესიულად. იზოლატორის თანამშრომლების არაერთგზის მოწოდებისა და სამართლებრივი განმარტების მიუხედავად, ის კვლავ უარს აცხადებდა შემოწმებაზე.
უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე დაკავებულის მიმართ კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე აუცილებელი პროცედურები.
აქვე განვმარტავთ, რომ შემოწმებისას დაკავებულს თან აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
იზოლატორში მოთავსების პროცედურები აღბეჭდილია იზოლატორის ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებზე. დაინტერესების შემთხვევაში, კანონით დადგენილი წესითა და დაკავებული პირის თანხმობით, შესაბამის ორგანოებსა და უფლებადამცველს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ არსებულ ვიდეო ჩანაწერებს.
ამასთან, დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლების შემდეგ, ელენე ხოშტარიამ უარი განაცხადა, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან შეხვედრაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.
ელენე ხოშტარია დიღმის იზოლატორში დღეს ადვოკატმა თეო ზაქარაშვილმა მოინახულა, რომელმაც განაცხადა, რომ ხოშტარიას მიმართ წარმოება წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის დაუმორჩილებლობის მუხლებით მიმდინარეობს და უცნობია, როდის შევა საქმე სასამართლოში. მისივე თქმით, საქმის შინაარსი სასამართლოში გახდება ცნობილი.
შსს-ს განცხადების გავრცელების შემდეგ „პუბლიკა“ კიდევ ერთხელ დაუკავშირდა ადვოკატსა და პარტია „დროას“ პრესსამსახურს. „დროაში“ ამბობენ, რომ ადვოკატი ახლა ისევ ელენე ხოშტარიასთანაა შესული, ხოლო შსს-ს განცხადებაში აღნიშნული დეტალების შესახებ მათთვის უცნობია.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ადვოკატი თეო ზაქარაშვილი ამბობს, რომ შსს-ს განცხადება საპასუხოდ მოჰყვა ელენე ხოშტარიას მხრიდან სისტემური ძალადობის მხილებას.
მისი თქმით, არ ფლობს ინფორმაციას „ანონსაწინააღმდეგო ნივთიერებაზე“ და ადასტურებს პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე ხოშტარიას განცხადებას.
თეო ზაქარაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკოსის სასამართლო, სავარაუდოდ, ამ წუთებში უნდა დაიწყოს, თუმცა ელენე ხოშტარიამ დასწრებაზე უარი განაცხადა. ადვოკატის თქმით, საქალაქო სასამართლოში მივლენ და გაარკვევენ, რა ეტაპზეა პროცესი.