შსს: ლეონიძის ქუჩაზე მოქალაქემ სამართალდამცველებს ხელი შეუშალა გადაადგილებაში

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო 11 მაისის ღამით, თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემას „ინციდენტს” უწოდებს და აცხადებს, რომ ირაკლი წიგნაძემ „სამართალდამცველებს ხელი შეუშალა გადაადგილებაში”.

შსს წერს:

„სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსი ოპერატიული დავალების მიზნით, სპეციალური შუქურის გამოყენებით გადაადგილდებოდა გზის სავალ ნაწილზე.

საავტომობილო გზაზე მოძრავმა ერთ-ერთი ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მძღოლმა, 1991 წელს დაბადებულმა ი.წ.-მ არ გაითვალისწინა სამართალდამცველების არაერთი თხოვნ, გაეტარებინა მანქანა და ხელი შეუშალა მათ გადაადგილებაში.

მიუხედავად იმისა, რომ ავტობუსი შეეცადა, გადაადგილების მიზნით გვერდი აევლო აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებისთვის, მძღოლმა და მისმა თანმხლებმა პირებმა არ მისცეს ავტობუსს აღნიშნულის საშუალება, რასაც მოჰყვა მათსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება.

საქმე შემდგომი მოკვლევის მიზნით გადაგზავნილია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში”.

11 მაისს, ღამით, ლეონიძის ქუჩაზე სამართალდამცველები მოქალაქე ირაკლი წიგნაძეს ჯგუფურად გაუსწორდნენ.

მოქალაქეების მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციას დაზარალებულის მანქანა ლეონიძის ქუჩაზე ჰყავს შეჩერებული.

კადრებში ასევე ჩანს პოლიციის ავტობუსი, რომელიც გზას უხერგავს მანქანას.

ვიდეოში ვხედავთ, რომ სამართალდამცველი ესაუბრება მანქანაში მჯდომ პირს, შემდეგ კი მას ფიზიკურად უსწორდება. ამ მომენტში ავტობუსიდან ასევე ჩამოდიან ნიღბიანი ფორმიანები.

კაცი მანქანაში თანმხლებ პირებთან, სავარაუდოდ, ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, მათ მომხდარზე: სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქის მიმართ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

ეს მუხლი გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით.