შსს-ში აცხადებენ, რომ მომღერალ ალექსანდრე მრელაშვილის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
შსს-ს ცნობით, თელავის პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობდა მომღერალ ალექსანდრე მრელაშვილის გამოკითხვა. „მან გამოკითხვაზე ბოლომდე დარჩენა არ ისურვა, რა დროსაც პოლიციელებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და პირადი ნივთების შესანახი კარადა დააზიანა. აღნიშნულ ფაქტზე მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ის დაკავებული არ არის.“
ალექსანდრე მრელაშვილი თელავში გამართულ ქორწილში მღეროდა და ის დღეს პოლიციის განყოფილებაში მოწმის სტატუსით იყო დაბარებული.
„ვატარებდი საღამოს ქორწილში და ზევიდან ვიღაცა გვასხამდა, არ ვიცი, არაყი იყო, შამპანური იყო თუ რა იყო, სითხეს გვასხამდა და არ გაჩერდა. შემდეგ ისევ გამოდიოდა, იფურთხებოდა და გვლანძღავდა. ჩაეშალათ ქორწილი… ვეღარ გავაგრძელეთ ქორწილი. [აპარატურა] დაზიანებულია თუ არა, ჯერ არ ვიცით… ახლა დაკითხვაზე ვარ“, – უთხრა „TV პირველს“ მომღერალმა ალექსანდრე მრელაშვილმა, სანამ მოქალაქეები მისი დაკავების კადრებს გაავრცელებდნენ.
ადვოკატი ლაშა კაპანაძე, რომელიც ჭიღლაძის ინტერესებს იცავს, შეესწრო იმ ფაქტსაც, თუ როგორ „შეათრიეს ძალის გამოყენებით ალექსანდრე მრელაშვილი პოლიციის განყოფილებაში.“
„რა ჩვენება მისცა, არ ვიცი, არ წამიკითხავს. ვიცი ის, რა საჯარო ქარდიც გამოქვეყნდა საინფორმაციო უწყებების მიერ. ვიცი, რომ დააფიქსირა ალექსანდრე მრელაშვილმა, სასტუმროში მესამე სართულზე მყოფმა პირებმა რომ გადმოასხეს რაღაც სითხე, რომელიც დაესხა აპარატურას და დაზიანდა. დღეს იმყოფებოდა ჩვენების მისაცემად. ხელახლა მოხდა მისი დაბარება, გაურკვეველი მიზეზების გამო, არ ვიცი… როცა განყოფილებასთან მოვედი, ალექსანდრე მრელაშვილი გამოვიდა და ასეთ სიტყვებს ამბობდა – უკვე მიცემული მაქვს ჩვენება და არაფერის შეცვლას აღარ ვაპირებო, რაზეც გამოეკიდნენ პოლიციელები, ძალის გამოყენებით დააკავეს და შეათრიეს განყოფილებაში“, – უთხრა ადვოკატმა ლაშა კაპანაძემ გამოცემას – „მთავარი ამბები კახეთიდან“.
პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით 30 წლის გიორგი ჭიღლაძე დააკავა. როგორც შსს-ში აცხადებენ მან ქალს ფიზიკური დაზიანება მიაყენა. ინციდენტი თელავის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა, სადაც ქორწილს იხდიდნენ. შსს-ს ცნობით, მომხდარს წინ უძღოდა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალების მიერ სასტუმროს ნომრის აივნიდან ქორწილში მყოფი პირების მიმართ შეურაცხყოფა. მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალებმა წყალი გადაასხეს და დააზიანეს აპარატურა. როგორც ბრალდებულის ადვოკატი ლაშა კაპანაძე ამბობს, ქალმა თავად ჭიღლაძესაც მიაყენა ყელის არეში დაზიანება. „გიორგი ჭიღლაძე რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლია, თავადაც დაზარალებული“, – წერს ადვოკატი. არსებული ინფორმაციით, დაკავებული სიძის ძმაა, დაზარალებული ქალი კი ამავე სასტუმროს სტუმარი იყო. ინციდენტის ამსახველი ვიდეო მან თავად გაავრცელა და კონფლიქტის დაწყების მიზეზად რუსულად საუბარს ასახელებდა.