შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი: პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე 1975 წელს დაბადებული ზ.ბ., 1962 წელს დაბადებული ხ.ს. და 1992 წელს დაბადებულ გ.ს. დააკავეს.
სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულები ორიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა. ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც სავარაუდოდ, მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.
სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
ნანგრევებიდან ამ ეტაპზე მეხანძრე-მაშველების მიერ ამოყვანილია ორი მოქალაქე, რომლებიც გადაყვანილი არიან საავადმყოფოში, ასევე ნანგრევებში ნანახი იქნა ხუთი ცხედარი.ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, როგორც საძიებო-სამაშველო ღონისძიებები, ასევე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
შსს ოფიციალურად ადასტურებს, რომ ნანგრევებიდან ამ დრომდე 5 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.
საძიებო-სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. მაშველებმა ნანგრევებიდან 2 დაშავებული ამოიყვანეს, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.