შსს-მ დაიწყო იმ მოქალაქეთა დაჯარიმება, რომლებიც „დაუმორჩილებლობის აქციაში“ მონაწილეობდნენ - „სირცხვილია“

პუბლიკა

„ლელოს“ წევრები ირაკლი კუპრაძე და თაზო დათუნაშვილი სოციალურ ქსელში წერენ, რომ შსს-მ ისინი დააჯარიმა.

ირაკლი კუპრაძის ინფორმაციით, ის ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო დააჯარიმეს.

„დამირეკეს და ხვალ პოლოციის დეპარტამენტში 16:00 საათზე ინდივიდუალურად განვიხილოთ თქვენი სამართალდარღვევის ოქმიო. დავთანხმდი და მივალ. ასეთი განხილვის პრეცედენტი არ მახსენდება ადმინისტრაციულ ჯარიმაზე“, – წერს კუპრაძე.

მსგავსი შინაარსის პოსტს აქვეყნებს თაზო დათუნაშვილიც.

„დამირეკეს საპატრულო პოლიციიდან და შაბათიდან კვირის ღამეს, დაუმორჩილებლობის აქციაში მონაწილეობისათვის დამაჯარიმეს 2000 ლარით. აი, ასე იქცევა შეშინებული ხელისუფლება !!! ჩვენს მხარეს არის სიმართლე და ამ სიმართლისათვის ვიბრძოლებთ ბოლომდე !!! ბოლომდე ვიბრძოლებთ ამ ანტიკონსტიტუციური და უაზრო რეგულაციების წინააღმდეგ, რომელიც მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს!!!“, – წერს დათუნაშვილი ფეისბუქზე.

დაჯარიმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს მოძრაობა „გხედავ“-ის წევრი თამარ კაკაბაძე, რომელიც ამბობს, რომ დაჯარიმების მიზეზი „დაუმორჩილებლობის აქციაა“, თუმცა მისი პოსტიდან ირკვევა, რომ კაკაბაძე აქციაზე არ ყოფილა.

„საპატრულოდან დამირეკეს და დაუმორჩილებლობის აქციაზე არყოფნისთვის დამაჯარიმეს. იდენტიფიცირება არა ის, დაიდეს სია და მიდი“, – წერს ის ფეისბუქზე.

რამდენიმე წუთის წინ მოძრაობა „სირცხვილია“-მ გაავრცელა განცხადება და მოუწოდა ყველას, ვისაც შსს-დან დაუკავშირდებიან, მათ შეატყობინონ ამის შესახებ.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო იმ მოქალაქეთა დაჯარიმების პროცესი, რომლებიც 6 თებერვალს გამართულ დაუმორჩილებლობის მსვლელობაში მონაწილეობას იღებდნენ.

იმ შემთხვევაში, თუ შსს-ს წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და შეგატყობინებთ დაკისრებული ჯარიმის შესახებ, ან პოლიციის განყოფილებაში მისვლა გთხოვეს – აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ.

სახალხო დამცველის განცხადება 2020 წლის 9 ნოემბრის დაუმორჩილებლობის დღეს: „მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს კანონი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ შესაძლებლობას იძლევა შეიზღუდოს გადაადგილების თავისუფლება და არა შეკრება-მანიფესტაციის უფლება.”

შესაბამისად, სამართალდამცავების მიერ საპროტესტო აქციაში მონაწილე პირებისთვის 2000-ლარიანი სახდელის დაკისრება არის არაკონსტიტუციური, პოლიტიკურად მოტივირებული რეპრესიული აქტი, რომელიც არღვევს შეკრება-მანიფესტაციის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას“, – წერს „სირცხვილია“.

იმის გასარკვევად, დაიწყო თუ არა აქციის მონაწილეების იდენტიფიცირება, დაჯარიმება და სამართალდარღვევის ოქმის განსახილველად მათი დაბარება, ასევე რამდენ ადამიანს შეეხება ეს, „პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.