რუსთავის საკრებულოს წევრის, გიორგი მღებრიშვილის დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ტ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 აპრილს, ქალაქ რუსთავში თავის საცხოვრებელი ბინის კორპუსის ეზოში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობელს – 1978 წელს დაბადებულ გ.მ.-ს ქვედა კიდურის არეში ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, – აშნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს და დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რუსთავში საკრებულოს წევრის, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, გიორგი მღებრიშვილის ცივი იარაღით ფეხში დაჭრის შესახებ რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი. ინციდენტის შესახებ „პუბლიკა“ „ენმ-ს“ პოლიტსაბჭოს წევრს, დავით კირკიტაძეს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ მომხარი უკავშირდებოდა რუსთავში კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარეობის არჩევნებს.