შსს-მ „გალფის“ ოპერატორისა და მაღაზია „იოლის“ დაყაჩაღების ბრალდებით 1 პირი დააკავა

პუბლიკა

სამართალდამცველებმა 1987 წელს დაბადებული ო.ტ., ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული მიმდინარე წლის 22 დეკემბერს თბილისში თავს დაესხა „გალფის“ ავტოგასამართ სადგურს და ოპერატორს იარაღის მუქარით 100 ლარი გასტაცა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ო.ტ. მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი – „RETAY XR”-ის მოდელის ხმოვანი პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო”, – აცხადებს შსს.

უწყების განცხადების მიხედვით, დაკავებულმა აღიარა,  2020 წლის 16 დეკემბერს ასევე თავს დაესხა იოანე პეტრიწის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „იოლის“ ფილიალს, ცივი იარაღის მუქარით მაღაზიის სალაროდან 200 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.