შსს-მ ლექსო ლაშქარავას გადაადგილების შესახებ ბრიფინგი გამართა

პუბლიკა

შსს-მ გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გადაადგილების შესახებ ბრიფინგი გამართა. ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ რისი თქმა სურს უწყებას ამ ინფორმაციის გავრცელებით, შსს-ში აცხადებენ, რომ მას მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ასაჯაროებენ.

„გადაადგილების მარშრუტი შედგენილია გარე ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემების დათვალიერების შედეგად, რომელიც დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით.

„ტელეკომპანია პირველის” ოპერატორი – ალექსანდრე ლაშქარავა მიმდინარე წლის 10 ივლისს, 15:28 სთ-ზე, მოპედით ტოვებს საცხოვრებელ მისამართს.

15:31 სთ-ზე მეგობართან ერთად შედის ბახტრიონის ქუჩაზე ერთ-ერთ აფთიაქში. აფთიაქიდან გამოსვლის შემდეგ იწყებს გადაადგილებას ფონიჭალის დასახლების მიმართულებით, სადაც ფიქსირდება 16:31 სთ-ზე.

აღნიშნულის შემდეგ ფონიჭალიდან მოდის ორთაჭალაში და მოგვიანებით 19:41 სთ-ზე ისევ ბრუნდება ფონიჭალაში. საიდანაც გადაადგილდება „დედა ენის ბაღის“ მიმართულებით, სადაც დაჰყო გარკვეული პერიოდი, ხოლო 00:10 სთ-ზე ბრუნდება საბურთალოს ტერიტორიაზე საცხოვრებელ მისამართზე, სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში.

მისი დაბრუნების კადრები, ასევე ასახულია საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ განთავსებულ გარე ვიდეო-სამეთვალყურეო მოწყობილობებით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებებს. გრძელდება ყველა იმ პირის გამოკითხვა და იმ ტექნიკური საშუალებების დათვალიერება, რომელიც შესაძლოა გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაციას ინახავდეს.

მომხდარ ფაქტზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით გამოძიებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებს”,  – აცხადებს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მამუკა ჭელიძე.

შსს-მ გარდაცვლილი ოპერატორის დისკრედიტაციის მიზნით ბრიფინგი დღის განმავლობაშიც გამართა.


დღეს გამთენიისას „TV პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და მოითხოვენ პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას.

LB loan image desktop LB loan image mobile