შსს-მ საგარეჯოში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგარეჯოში მომხდარ ძალადობაზე გამოძიება დაიწყო

როგორც „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, ჯგუფური ძალადობა.

დღეს ფიზიკური დაპირისპირება იყო საგარეჯოში, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და პარტიის წევრები მოსახლეობასთან მართავდნენ შეხვედრას, საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით.

პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ შეხვედრის მონაწილეებს ქვებს ესროდნენ, იყო ფიზიკური შეხლა-შემოხლა და ფიზიკური ანგარიშსწორება.

პარტიის წევრი ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ მოსახლეობასთან მათი შეხვედრის ჩაშლის მიზნით მობილიზებულნი იყვნენ კახეთის სხვადასხვა საკრებულოდან აპარატის თანამშრომლები, ისინი ქვებს ესროდნენ შეხვედრის მონაწილეებს, აყენებდნენ შეურაცხყოფას და იყო ფიზიკური დაპირისპირებაც.

„დღეს საგარეჯოში მობილიზებული იყვნენ საგარეჯოს საკრებულოს, მთელი კახეთის საკრებულოებიდან აპარატის თანამშრომლები, საჯარო მოხელეები და პირდაპირ ძალადობაზე გადმოვიდნენ. იყო ქვების სროლა, იყო შეურაცხყოფა, ფიზიკური დაპირისპირება, მათ მიიღეს პასუხი, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი, ეს არ არის ნორმალური ვითარება და ხელისუფლებაა ამაზე პასუხსიმგებელი“, – უთხრა „ტვ პირველს“ ლევან ბეჟაშვილმა.