შსს: ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელის ვინაობა დადგენილია, ის იდენტიფიცირებულია

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდიში ბანკზე თავდამსხმელი იდეტიფიცირებულია, სამართალდამცველებისთვის მისი ვინაობა ცნობილია.

შსს მოუწოდებს საზოგადოებას და მედიას, თუ მატთვისაც ცნობილი გახდება თავდამსხმელის ვინაობა, არ გაავრცელონ, რადგან ეს ხელს შეუშლის საგამოძიებო მოქმედებებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღური თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დაადგინა და ის იდენტიფიცირებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს მედიასაშუალებებს და საზოგადოების ყველა წევრს, თუ სხვადასხვა წყაროებით მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ფოტოსურათი, არ გაავრცელონ აღნიშნული ინფორმაცია, რადგან ეს ხელს შეუშლის მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებს.

პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული პირის ადგილსამყოფელის დადგენის და მისი დაკავების მინით სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.


21 ოქტომბერს ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ნიღბიანი და შეიარაღებული პირი შეიჭრა. მძარცველს რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი მოქალაქეები. მათი გათავისუფლების სანაცვლოდ ის 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვდა. ოფიციალური ცნობით, სამართალდამცველებმა მძარცველს მოთხოვნილი თანხა გადასცეს. ბოლო ცნობით, ყველა მძევალი თავისუფალია, დამნაშავის დაკავების მიზნით კი, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

LB loan image desktop LB loan image mobile