შსს მედიაში გავრცელებულ ესებუას კადრებს ეხმაურება

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მედიასაშუალებებში გავრცელებული კადრები – ბადრი ესებუას გადაადგილების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა გადაღებულია მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს და არა 27 ოქტომბერს

„21 ოქტომბერს, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის” ფილიალზე მომხდარ თავდასხმაში პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული პირის – ბადრი ესებუას გადაადგილების შესახებ რამდენიმე ტელევიზიის მიერ საზოგადოებისთვის მიზანმიმართულად მიწოდებულ იქნა არასწორი ინფორმაცია. ფოტო და ვიდეომასალა სხვადასხვა ობიექტზე განთავსებული ვიდეომონიტორინგის მოწყობილობების მიერ გადაღებულია მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს და არა 27 ოქტომბერს, ასევე, გასაჯაროებული მასალა გადაღებულია სამეგრელოს რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტში და არა ზუგდიდში, როგორც ეს მედიასაშუალებებმა გაავრცელეს“, – წერია უწყების განცხადებაში.

როგორც შსს განცხადებაში აღნიშნავს, თავდასხმაში იდენტიფიცირებული პირის – ბადრი ესებუას ზუგდიდის ქუჩებში თითქოს თავისუფლად გადაადგილება და ამ ინფორმაციის მიზანმიმართული გაყალბება საზოგადოების სიცრუეში შეყვანას და სამართალდამცველი უწყებების დისკრედიტაციას ემსახურება.

უწყების ცნობითვე, პოლიცია, 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.