შსს მიიღებს ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოს ღონისძიების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება - შინაგან საქმეთა სამინისტრო

პუბლიკა

„ღონისძიების მშვიდ ვითარებაში ჩატარების მიზნით, პოლიციის შესაბამისი დანაყოფები მობილიზებულნი იქნებიან ყველა საჭირო ლოკაციაზე და კომპეტენციის ფარგლებში დაიცავენ მართლწესრიგს და უსაფრთხოებას,” – შინაგან საქმეთა სამინისტრო „პრაიდის კვირეულის” ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების მოუწოდებს დაანონსებული კონტრაქციის, ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებს, დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის ფარგლებს,

„შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობით, გაეროს, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მონაწილეობით, შეკრებების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მიმდინარე წლის 2 და 6 ივლისს, მშვიდ ვითარებაში ჩატარდა 2 დახურული ღონისძიება.

8 ივლისს კონკრეტულ ლოკაციაზე, შემოსაზღვრულ ადგილას, დაგეგმილი დახურული ღონისძიების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, სამინისტროს წარმომადგენლები კომუნიკაციაში არიან შეკრების ორგანიზატორებთან.

აღნიშნული დახურული ღონისძიების მშვიდ ვითარებაში ჩატარების მიზნით, პოლიციის შესაბამისი დანაყოფები მობილიზებულნი იქნებიან ყველა საჭირო ლოკაციაზე და კომპეტენციის ფარგლებში დაიცავენ მართლწესრიგს და უსაფრთხოებას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოს ღონისძიების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, აგრეთვე, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

გარდა ამისა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადამიანების რამდენიმე ჯგუფი თბილისში, კონკრეტულ ლოკაციაზე გეგმავს შეკრებას, ღონისძიების ადგილზე მისვლას და კონტრაქციის გამართვას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს კონტრაქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის ფარგლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის შესაბამისად.

ასევე, მოვუწოდებთ ღონისძიების ჩატარებისა და კონტრაქციის ტერიტორიაზე მომუშავე მედიის წარმომადგენლებს, კოორდინაციაში იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომლებთან და გაითვალისწინონ ადგილზე მყოფი სამართალდამცველების მითითებები“, – წერია განცხადებაში.

2023 წლის პრაიდის კვირეული თბილისში 2 ივლისს დახურული ღონისძიებით გაიხსნა, 6 ივლისს კი საერთაშორისო ლგბტქი კონფერენცია გაიმართა აქტივისტების, დიპლომატების, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებისა და სხვათა მონაწილეობით. 8 ივლისს დასკვნითი ღონისძიება პრაიდ ფესტივალი გაიმართება.

ჰომოფობიური ჯგუფები აორგანიზებენ ძალადობას და ფესტივალის  ჩაშლა სურთ.

როგორც Tbilisi Pride-ში ამბობენ, მათ აქვთ მყარი გარანტიები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, რომ ფესტივალს დაიცავენ. ამის შესახებ ისაუბრა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და თქვა, რომ შსს მაქსიმალურად იქნება მობილიზებული, რათა უსაფრთხოება იყოს დაცული.

„პუბლიკის“ რედაქცია გმობს და ემიჯნება ჰომოფობიურ და სიძულვილის შემცველ მოწოდებებსა და განცხადებებს.