შსს „რეფორმერ ფიტნესის" დალუქვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო „რეფორმერ ფიტნესის” დალუქვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, პოლიციამ გუშინ, 29 ნოემბერს გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე განხორციელდა საგამოძიებო მოქმედებები შპს „ონლაინ მეჯიქში“, რის შედეგადაც აღნიშნული ფიტნეს კლუბი დალუქეს.

უწყების თქმით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში რეაგირების მიზნით გადმოგზავნილი მასალები.

„კერძოდ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებით ცნობილი გახდა, რომ შპს „ონლაინ მეჯიქ” ე.წ. „რეფორმერი ფიტნესი” არ დაემორჩილა „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით გათვალისწინებულ შეზღუდვებს, გააგრძელა სპორტული/სავარჯიშო დარბაზის ფუნქციონირება, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10) მუხლის თანახმად, 2020 წლის 28 ნოემბერს დაჯარიმებული იქნა 10 000 ლარით.

აღნიშნულის შემდეგ, 2020 წლის 29 ნოემბერს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა განმეორებით განახორციელა შპს „ონლაინ მეჯიქის” ე.წ. „რეფორმერი ფიტნესის” ინსპექტირება, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მიუხედავად, კომპანია კვლავ აგრძელებდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას.

ინსპექტირების მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადმოიგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით.

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლის თანახმად, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

კერძოდ, იურიდიული პირის შემთხვევაში დაჯარიმებას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ასევე მის მიმართ ლიკვიდაციისა და დაჯარიმების ღონისძიების ერთობლივად გამოყენების შესაძლებლობას, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში – შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ვადით”, – წერს შსს.