შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დააკავეს პირი, რომელიც არასრულწლოვანს კარზე უკაკუნებდა.
ინფორმაცია 25 ოქტომბერს სოციალურ ქსელში მოქალაქე ქრისტი ქორიძემ გაავრცელა. ის ჰყვებოდა, რომ მისი 10 წლის ძმა სახლში მარტო იყო, რა დროსაც კარზე უცნობმა კაცმა ბრახუნი ატეხა და სახლში შეშვებას მოითხოვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ვ.დ.
გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული მუქარის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, ბრალდებულმა 2012 წელს დაბადებულ ა.ქ.-ს საცხოვრებელი ბინის კარზე დაუკაკუნა და განუცხადა, რომ დახმარება სჭირდებოდა, უარის მიღების შემდეგ კი, სხვადასხვა ხერხით, მათ შორის მუქარით ცდილობდა, იძულებული გაეხადა არასრულწლოვანი, მისთვის ბინის კარი გაეღო.
მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანმა ვ. დ.-ს უთხრა, რომ ის პოლიციაში დარეკავდა, ბრალდებული ადგილიდან მიიმალა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.