შსს-ს კანონპროექტით, ე.წ. დრიფტი დასჯადი გახდება

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, უწყებამ ახალი კანონპროექტი შეიმუშავა. კანონპროექტის მიხედვით დასჯადი გახდება ე.წ. დრიფტი, რაც ავტომობილის განზრახ მოცურება, მოსრიალებას და ხშირად ამ გზით წრიულ ბრუნვას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, ახალი კანონპროექტით ე.წ. დრიფტი 300 ლარით დაჯარიმდება, რასაც მართვის მოწმობაზე 30 ქულის ჩამოკლება მოჰყვება. იმ შემთხვევაში კი, თუ მას ზიანიც მოჰყვება, ჯარიმა 500 ლარამდე გაიზრდება, ჩამოკლებული ქულების რაოდენობა კი – 35-მდე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შემუშავებული კანონპროექტი სხვა რეგულაციებსაც მოიცავს, მათ შორის, დამუქებული მინებისთვის ჯარიმის გაზრდას და სანქციას გადაჭარბებულ ხმაურზე:

  • დასჯადი ხდება ჩამოწერის შედეგად აღრიცხვიდან მოხსნილი სატრანსპორტო საშუალების მართვა. აღნიშნულისთვის წესდება ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობის 30 ქულით შემცირდება.
  • შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმების და/ან კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური აღჭურვილობის და შეფერილობის ავტომანქანით გაცილების გარეშე არაგაბარიტული სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობისთვის სანქცია, ნაცვლად 100 ლარისა, იქნება ჯარიმა 1 000 ლარი, ხოლო თუ აღნიშნულ სამართალდარღვევას მოჰყვა ზიანი, 250 ლარის ნაცვლად, დაწესდება ჯარიმა 2 000 ლარი.
  • სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, 150 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
  • კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით დამუქებული მინებით სატრანსპორტო საშუალების მართვა, 50 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
  • დასჯადი ხდება ისეთი სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონე აღემატება დადგენილ ნორმატივებს. სანქციის სახედ წესდება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 10 ქულით შემცირება. პირველ ეტაპზე, მოწესრიგდება საკანონმდებლო ჩარჩო, ხოლო შემდგომ მოხდება ხმაურისმზომი აღჭურვილობის შეძენა.

„გარდა ამისა, აღმოიფხვრება ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული რიგი
პრობლემები, მათ შორის, განისაზღვრება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული დადგენილების გამოქვეყნების წესი, რომლითაც შემცირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული დადგენილების ჩაუბარებლობის შემთხვევები.

ცვლილება შედის აგრეთვე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში. რიგი სამართალდარღვევებისთვის გათვალისწინებულია მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შემცირება“, – აცხადებს შსს.