შსს-ს მოთხოვნა გადაგზავნილი აქვს, ვიმედოვნებთ, FBI-ის ჩართვა ფორმალური არ იქნება - რამიშვილი ბაჩალიაშვილის საქმეზე

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებისა და ადვოკატის შეხვედრა დასრულდა. როგორც ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, ისინი მინისტრის მოადგილეს ვლადიმერ ბორცვაძეს შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჭელიძეც.

მიხეილ რამიშვილის თქმით, შეხვედრაზე ვერ უთხრეს გამოძიებაში FBI-ის ჩართვის ზუსტი თარიღი, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროს აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროში თანამშრომლობის მოთხოვნა უკვე გადაგზავნილი აქვს.

„ახლა უკვე მიდის ის პროცესი, რომ უნდა ვიცოდეთ, რაში იქნება თანამშრომლობა, რაში მიიღებს მონაწილეობას ფედერალური ბიურო. ჩვენ გვაქვს მოთხოვნა, რომ მაქსიმალურად იყოს გამოყენებული ეს შესაძლებლობა. ეს არ უნდა იყოს მოჩვენებითი პროცესი და მოტყუება, რომ პროცესი შენელდეს“, – თქვა მიხეილ რამიშვილმა.

ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი მიიჩნევენ, რომ FBI-ის ჩართვა მხოლოდ ფორმალური იქნება, თავიანთი მოთხოვნებითა და პროტესტით მთავარ პროკურატურასთან გადაინაცვლებენ.

მიხეილ რამიშვილის თქმით, მათ შეხვედრაზე გააცნეს საქმის მასალების ნაწილიც, რამაც კიდევ უფრო მეტი შეკითხვა და ვერსია გააჩინა.

„გავეცანით გარკვეულ პირთა ჩვენებებს, ვინც დაიკითხა. ამან კიდევ უფრო მეტი კითხვები გააჩინა, რადგან იმატა ვერსიებმაც. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ მინდა ამ ვერსიებზე საუბარი.

სატელეფონო ზარები ჯერ არ არის მოსული, მაგრამ, ჩვენდა საბედნიეროდ, მოსულია დრონის მასალა. თუმცა, ძალიან დიდი მასალაა, უნდა გადმოიწეროს და დიდ ეკრანზე ინახოს, რადგან კომპიუტერში შეუძლებელი იყო მასში რაიმეს გარჩევა“, – თქვა მიხეილ რამიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მიხეილ რამიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა ბაჩანა ლობჟანიძის შესახებაც, რომელიც ამბობს, რომ თამარ ბაჩალეიშვილის შეყვარებული იყო.

ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატის თქმით, ბაჩანა ლობჟანიძე მან თამარ ბაჩალიაშვილის დაკრძალვის შემდეგ გაიცნო, მას შემდეგ, რაც მიაწოდეს ინფორმაცია, რომ თამარის ერთ-ერთ მეგობარს მასთან საუბარი სურდა, რომელიც ლობჟანიძე აღმოჩნდა. რამიშვილის თქმით, ამის შემდეგ ლობჟანიძე კომპიუტერის ექსპერტიზაზეც ახლდა თან, რადგან საუბრისას მან ახსენა, რომ „კომპიუტერში კარგად ერკვეოდა“.