შსს-ს სასაზღვრო პოლიცია საზღვრის დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია საზღვრის დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა.

უწყების ცნობით, საკონტროლო გამტარი პუნქტების გვერდის ავლით, საზღვრის უკანონო კვეთის მცდელობების რისკის შემცირების მიზნით, სასაზღვრო პოლიცია საზღვრის დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა. სასაზღვრო პოლიციის უფროსის გადაწყვეტილებით, რისკისა და საფრთხის ანალიზის საფუძველზე, დამატებითი ადამიანური და ტექნიკური რესურსით გაძლიერდა სახმელეთო საზღვრის დაცვის გაზრდილი რისკის შემცველი მონაკვეთები.

უწყების ცნობით,  მესაზღვრეები პოტენციური დამრღვევის დაკავებისას იმოქმედებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სპეციალური რეკომენდაციების დაცვით და გამოიყენებენ შესაბამის აღჭურვილობას.

საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 18 მარტიდან, საქართველოში ორი კვირით აიკრძალა სახელმწიფო საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა.