შსს სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომ პოლიცია სექსმუშაკებს კომენდანტის დროს ესკორტად ემსახურება

პუბლიკა

დღეს გადაცემა „შაბათის ფორმულას“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც „პოლიცია პროსტიტუციის ბიზნესშია ჩართული“.

„კერძოდ, ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ პოლიცია გოგოებს გამოძახებით ესკორტად ემსახურება და ამაში სოლიდურ გასამსჯელოს იღებს.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ სექს-მუშაკების გამოძახების საიტზე პირველივე მცდელობისას სექს-მუშაკის გამოძახება კომენდანტის დროს მარტივად მოხერხდა. მსგავსი შინაარსის განცხადება, რომ ქალები 21:00 მერეც გადიან, ბევრი იძებნება“, – იტყობინება „ფორმულა“.

ამ ამბის დასადასტურებლად გადაცემის ჟურნლაისტმა ექსპეტიმენტიც ჩაატარა.

სიუჟეტის ეთერში გასვლიდან რამდენიმე საათში შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და სიცრუეს უწოდებს სიუჟეტში ნახსენებ გარემოებებს.

„მხოლოდ ანონსის გასვლის შემდეგ, გადაცემის და სიუჟეტის ავტორებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში კონკრეტული სახელის და გვარის ადამიანების შესახებ გადაამოწმეს ინფორმაცია და იკითხეს, იყვნენ თუ არა ისინი პოლიციის თანამშრომლები, ასევე, ეკუთვნოდათ თუ არა მათ სოციალური ქსელის კონკრეტული პერსონალური გვერდები. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მათ მიერ დასახელებული არც ერთი პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ინფორმაცია მივაწოდეთ, მათ მტკიცებით ფორმაში განაცხადეს, რომ მათ მიერ დასახელებული პირები შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები არიან“, – აცხადებს შსს.

უწყება აღნიშნავს, რომ სიუჟეტში ნაჩვენები ფოტო, „რომელიც ჟურნალისტებმა სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის გვერდიდან აიღეს და მასზე დაყრდნობით ამტკიცებდნენ, რომ ვინმე ბექა შელია არის პოლიციის თანამშრომელი, ეს ინფორმაცია არის  სიცრუე და ფოტოზე  ასახული პირი არ არის ბექა შელია. უფრო მეტიც, აღნიშნული ფოტო არის საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი საიმიჯო ფოტო და მისი გამოყენება ღია წყაროებიდან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია“.

სამინისტრო აცხადებს, რომ მედიის მხრიდან მცდელობა, მტკიცებით ფორმაში საუბრით მაყურებელი დაარწმუნონ პოლიციელთა ვითომ უკანონო საქმიანობაში, არის საზოგადოების მიზანმიმართული შეცდომაში შეყვანა და სიცრუის ტირაჟირება.

„არა მხოლოდ აღნიშნული მედიასაშუალების, არამედ სხვა ტელეკომპანიების მიერ, პოლიციის დისკრედიტაციის მიზნით, განსაკუთრებული აქტიურობით ხდება ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელება. აღნიშნული არის თავდასხმა პოლიციაზე, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტზე და ემსახურება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ საზოგადოების ნდობის შესუსტებას“, – აცხადებს შსს.