შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლით დაიწყეს, რაც საჯარო მოსამსახურეზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს განხორციელებულ თავდასხმას გულისხმობს.
„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ოპოზიციური პარტიის წევრებისა და სამოქალაქო აქტივისტების სასამართლო პროცესზე შესვლას ცდილობდა 1982 წელს დაბადებული ნ.დ.
მანდატურის სამსახურის მიერ ნ.დ.-ს განემარტა, რომ სასამართლო პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებდა, რადგან პროცესი უკვე დაწყებული იყო და დარბაზში არ იყო ადგილი. ნ.დ. არ დაემორჩილა მანდატურის თანამშრომლებს და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
მომხდარის შემდგომ, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა, ნ.დ. საქალაქო სასამართლოს შენობიდან გაიყვანეს. საქმეზე გრძელდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მუხლი ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
ამ ქმედების ჩადენა არაერთგზის, ჯგუფურად, არასრულწლოვანის თანდასწრებით, აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, – დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.
9 ივნისს ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში იმ დროს იმყოფებოდა, როცა 8 სინდისის პატიმრის პროცესი მიმდინარეობდა. როგორც ის ამბობდა, პირველ დარბაზთან, სადაც სხდომა მიმდინარეობდა, მეგობრის ნახვა სურდა, თუმცა მანდატურმა მას ამის საშუალება არ მისცა.
„გადავაადგილდებოდი პირველი დარბაზისკენ და მომვარდა დაცვა, აქ ნუ გადადიხარო, ჯაჯგური დამიწყო და ვუთხარი, მაჩვენე კანონი, რომლის საფუძველზე მეკრძალება, ვთქვათ, ორი მეტრის იქით გადასვლა. ამ დროს დაუძახა და მომვარდა 10 კაცი, მანდატურები“, – თქვა დათაშვილმა.
ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ამის შემდეგ ნინო დათაშვილი პროტესტის ნიშნად ფანჯარასთან, რაფაზე ჯდება და იწყება სიტყვიერი დაპირისპირება დათაშვილსა და მანდატურს შორის, რის შემდეგაც მანდატური იწყებს ადგილიდან მის ძალით გაყვანას.
ნინო დათაშვილი კვლავ იმეორებს და მოუწოდებს მანდატურს, უთხრას, კანონის რომელი მუხლის საფუძველზე ეკრძალება ადგილზე ყოფნა.
ამის შემდეგ ადგილზე ჩნდება რამდენიმე მანდატური, რომლებსაც ძალის გამოყენებით მიჰყავთ დათაშვილი. კადრში ჩანს როგორც სიტყვიერი დაპირისპირება, ასევე ფიზიკური შეხლა-შემოხლა.
საბოლოოდ, მანდატურებმა ნინო დათაშვილი ძალის გამოყენებით გაიყვანეს და სასამართლოს შენობა დაატოვებინეს.