შსს: ყვარელში ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანია დააკავებული

პუბლიკა

ყვარელში ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანი დააკავეს. ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან, შუშანა მაცაბერიძე, გელა ხასაია, გიორგი გოგიტიძე, დიმა ჩიქოვანი, ტიტე გედენიძე, ნიკა ჩხობაძე, ბექა პაპაშვილი, ლადო ხუსკივაძე და გიორგი ყაველაშვილი.

ენმ-ის ინფორმაციით, დაკავებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დიმიტრი ჩიქოვანი. საგარეჯოს საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით დიღმელაშვილი.

გურჯაანის საკრებულოს წევრი ენმ რამაზ ქერეჭაშვილი. ყვარლის საკრებულოს წევრი ენმ-დან ნიკა ღონიაშვილი.

ყვარელში, მოქალაქეები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, სიძის ძმის ქორწილის საქართველოში გადახდას აპროტესტებენ.

აქციას მართავენ სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. აქციის მონაწილეებმა კვერცხები ესწროლეს „ყვარლის ტბის“ ტერიტორიიდან გამოსულ მიკროავტობუსებს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმი. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის  დაპირისპირებას მოხდა.

————————————————————–

19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოშია ლავროვის სანქცირებული შვილი, რომელიც მეუღლესთან ერთად, მაზლის ქორწილს აღნიშნავდა.

„ყვარლის ტბამ“ ოფიციალურ განცხადებაში ლავროვას სტუმრობა უარყო.

„მთავარის“ ინფორმაციით, ქორწილის სტუმრებს კახეთში ორი სასტუმრო მასპინძლობს, უშუალოდ საქორწინო ღონისძიება, ტელეკომპანიის ინფორმაციით, ყვარლის ტბაზე იმართება.

საქართველოში ქორწილს იხდის სემიონოვიჩ ვინოკუროვი, მან საკუთარ ინსტაგრამზე საქორწილო ცერემონიის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა. ის სერგეი ლავროვის სიძის, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმაა.