შუქრუთელების თქმით, პარლამენტის ტერიტორიიდან ლეიბების გასატანად პოლიციამ მათ ვადა დღეს საღამომდე მისცა.
დღეს დილას ისინი მთავრობის კანცელარიასთან იმყოფებოდნენ, რათა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისგან მათ მიერ შეტანილ წერილთან დაკავშირებით პასუხი მოესმინათ, თუმცა, როგორც შუქრუთელები ამბობენ, პოლიციამ კანცელარიასთან დარჩენის საშუალება არ მისცა და მათ წინააღმდეგ ფიზიკური ძალა გამოიყენა.
„კანცელარიასთან ავედით, პრემიერ-მინისტრის სახელზე გვქონდა წერილი შეტანილი და გვაინტერესებდა პასუხი რომ მიგვეღო. ჩამომსხდრები ვიყავით ისე, რომ ხელს არც მოძრაობას ვუშლიდით და არც არაფერს. ქალები ხელით გამოიყვანეს იქედან, ამ მოშიმშილე ბიჭებს ხელს კრავდნენ, დაგალეწავთ თავ-პირს და იყო ერთი ამბავი. რაციაში გადმოსცეს, რომ ორი ქალი და ორი კაცი არისო, ჩამოვედით, წამოგვყვნენ და გვითხრეს აი ეს ლეიბები უნდა გაიტანონთ საღამომდეო.
რამდენი დღეა წერილი შეტანილია, ეს ბიჭები მაგის გარკვევამდე გაძლებენ? 30-ე დღეა შიმშლობის, მარტო წყალზე არიან, წვენსაც აღარ სვამენ“, – ამბობს„პუბლიკასთან“ საუბრისას ერთ-ერთი შუქრუთელი მოშიმშილე ქალი.
„ვთავაზობთ, წაგვიყვანონ თავიანთ სახლებში და გაგვათენებინონ ღამე. რაღაცა მოძებნეთო გვითხრეს. ჩვენ ღამის გასათევი ადგილი არ გვაქვს”, – ამბობს კიდევ ერთი შუქრუთელი.
შიმშილობის 30-ე დღეს, პარლამენტის წინ მოშიმშილე რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.
გუშინ, შიმშილობის 29-ე დღეს პარლამენტის წინ მოშიმშილე შუქრუთელებს ქალებიც შეუერთდნენ. იმისთვის, რომ მოშიმშილე ქალებს პარლამენტთან ღამე გაეთენებინათ, რამდენიმე გასაბერი ლეიბი მიიტანეს, თუმცა პოლიციამ პროტესტის მონაწილეებს განუცხადა, რომ პარლამენტის წინ ლეიბების გაშლა არ შეიძლება. მიუხედავად ამისა, შუქრუთელებმა ღამე მაინც გაათენეს.
შუქრუთელებმა 19 სექტემბერს, მთავრობის კანცელარიაში ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის მოთხოვნით წერილი შეიტანეს, თუმცა ამ დრომდე მათ კობახიძე არ შეხვედრია. ისინი თბილისში პროტესტის გასაგრძელებლად 11 სექტემბერს ჩამოვიდნენ.
შუქრუთელები ცენტრალურ ხელისუფლებას პროცესში ჩართულობას სთხოვენ, რათა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა” მათთან აღებული ვალდებულებები შეასრულოს.
შუქრუთელები წლებია, ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები. სოფელი, ფაქტობრივად, საცხოვრებლად გაუსაძლისი გახდა. ისინი ზარალის ადეკვატურ ანაზღაურებას მოითხოვენ, რომელიც სოფელს კომპანიის საქმიანობის შედეგად მიადგა.
შუქრუთელების მოთხოვნაა, მიიღონ ანაზღაურება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის შესაბამისად. ეს ვალდებულება კომპანიამ მათთან 2021 წელს აიღო და გაფორმდა წერილობითი ხელშეკრულებაც.
თუმცა, პროტესტის მონაწილეების თქმით, კომპანიამ უგულებელყო სამი წლის წინ დადებული შეთანხმება, ხოლო სამხარაულის ბიუროს დასკვნას არ ასაჯაროებს.