შუქრუთში ერთ-ერთი მოშიმშილის მდგომარეობა კვლავ დამძიმდა და ის კლინიკაში გადაიყვანეს

პუბლიკა

სოფელ შუქრუთში ერთ-ერთი მოშიმშილის მდგომარეობა კვლავ დამძიმდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„პაციენტი არის მძიმე მდგომარეობაში. გლუკოზაც დაბალი აქვს, წნევაც  და გადაგვყავს საჩხერის საავადმყოფოში,” – ამბობს ექიმი თაზო თოდაძე.

ორი მოშიმშილე გუშინ გახდა ასევე ცუდად და გადაიყვანეს კლინიკაში, თუმცა ისინი ისევ დაბრუნდნენ დღეს კარავში, სადაც შიმშილობენ. სწორედ ერთ-ერთი მათგანი გახდა დღეს კვლავ ცუდად.

როგორც სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის წარმომადგენელმა ადგილზე „პუბლიკას“ უთხრა, მოშიმშილე ადამიანებს ადგილზე 24-საათიანი სასწრაფო-სამედიცინო დახმარება დაენიშნა.

ამ დროისთვის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში 8 ადამიანი შიმშილობს. მათ პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერეს. სამმა მათგანმა შიმშილობა 17 დღის წინ დაიწყო, მათ მე-4 და მე-5 დღეს კიდევ ორი კაცი დაემატა. 7 დღის წინ კი მოშიმშილეებს სამი ქალი შეუერთდა.


სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები თვეებია, საპროტესტო აქციებს მართავენ და ერთ კვირაზე მეტია, რაც რამდენიმე მათგანმა უკიდურესი პროტესტი ნიშნად პირი ამოიკერა.

შუქრუთის მცხოვრებლები ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის შედეგად სოფელში ცხოვრება შეუძლებელი ხდება, ზიანდება სახლები, ნიადაგი და ნაკვეთები. იკარგება საერთო სავარგულები, ბუნებრივი თუ მატერიალური რესურსი.

ისინი მოითხოვენ, ანაზღაურდეს შუქრუთის მოსახლეობის ზარალი ისე, რომ მათ სხვაგან გადასვლა და ცხოვრება შეძლონ.

მოსახლეობა ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ყურადღებასა და მედიატორის როლის შესრულებას მოითხოვს.