შუშის ლაბორატორიაში ჟურნალისტების რაღაც ახალი ჯიში გამოიყვანეს? - სააკაშვილი დევნილი მამაკაცის საქმეზე

პუბლიკა

მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში, ყოფილი სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრები დევნილი მამაკაცის თვითმკვლელობის ფაქტს ეხმაურება და „სამთავრობო ტელევიზიის” ჟურნალისტებს აკრიტიკებს:

„გუშინ შემძრა დევნილის, ზურაბ ჭიჭოშვილის ტრაგედიამ, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მთელი ღამე ვერ დავიძინე და ტელევიზორი სამთავრობო არხებზე გადამერთო. კინაღამ გული ამერია. ისინი ერთხმად იყვნენ დაკავებული გარდაცვლილის დისკრედიტაციით – მას ალკოჰოლიკად და ფსიქოპატად, დანარჩენ დევნილებს კი აფერისტებად აცხადებდნენ.

ნუთუ, ვინც ამ რეპორტაჟებს აკეთებს, საერთოდ გული არ აქვს, თუ შუშის ლაბორატორიაში ჟურნალისტების რაღაც ახალი ჯიში გამოიყვანეს?!”, – წერს სააკაშვილი.


16 იანვარს, ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, სანატორიუმში მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი მამაკაცი პროტესტის ნიშნად საცხოვრებელი ბინიდან გადმოხტა და გარდაიცვალა.

სანატორიუმის ბინადარი დევნილები რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ და ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ, ვინაიდან, მათი თქმით,  შენობა ავარიული და იქ ცხოვრება სახიფათოა.