შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა სალომე ზურაბიშვილს წერილი გამოუგზავნა, სადაც ქართველი ხალხის მიმართ შვედეთის მხარდაჭერაზე და „ქართული ოცნების“ რეპრესიული კანონებზე საუბრობს.
წერილი 5 მაისითაა დათარიღებული.
პრემიერ-მინისტრი წერილში ასევე წერს, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების გაუარესების საპასუხოდ, შვედეთის მთავრობამ დაავალა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida), შეაჩეროს ყოველგვარი პირდაპირი თანამშრომლობა „ქართულ ოცნებასთან“.
კრისტერსონი ასევე ამბობს, შვედეთი ყურადღებით აკვირდება „ოცნების“ უახლესი კანონების იმპლემენტაციას, შედეგებს აფასებს და ევროკავშირის დღის წესრიგში ინარჩუნებს საკითხს საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე.
„ძვირფასო სალომე,
საქართველოში გაუარესებული მდგომარეობა ღრმად შემაშფოთებელია. განსაკუთრებით შეშფოთებული ვარ მშვიდობიანი მომიტინგეებზე, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე ძალადობრივი მოპყრობით და დაპატიმრებებით. უახლესი კანონმდებლობა ემუქრება როგორც სამოქალაქო სივრცის შემცირებას, ასევე რეპრესიების ზრდას. დემოკრატიული და ადამიანის უფლებების ასეთი შეზღუდვა შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და ძირს უთხრის საქართველოს გზას ევროპისკენ.
საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაუარესების საპასუხოდ, შვედეთის მთავრობამ ცოტა ხნის წინ დაავალა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) შეაჩეროს ყოველგვარი პირდაპირი თანამშრომლობა საქართველოს სამთავრობო ხელისუფლებასთან.
შვედეთი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული მისწრაფებების გრძელვადიანი და ურყევი მხარდამჭერია. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ერთგულ დონორობას. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ბოლო კანონმდებლობის იმპლემენტაციას და ვაფასებთ მის შედეგებს.
სხვა თანამოაზრე ქვეყნებთან ერთად, შვედეთი ევროკავშირის დღის წესრიგში ინარჩუნებს საქართველოში არსებულ მდგომარეობას. ჩვენ ვინარჩუნებთ მტკიცე მხარდაჭერას ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებსა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართ. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ გადადგას ნაბიჯები კრიზისიდან გამოსვლისა და საზოგადოების ნდობის აღსადგენად მისი დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ.
ულფ კრისტერსონი“, – წერია შვედეთის პრემიერ-მინისტრის წერილში.